„საფეხმავლო ტურიზმზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა“ - როგორია ტურისტული სეზონი შატილში

„შატილში ტურისტული სეზონი ჯერ კიდევ ახლა იწყება“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სასტუმრო „სულფონის“ თანადამფუძნებელმა, ანნა ჭინჭარაულმა განუცხადა.

ჭინჭარაული აღნიშნავს, რომ სასტუმროს დატვირთულობა ამჟამად არც თუ ისე დიდია. მისი თქმით, არის ჯავშნები, თუმცა მოთხოვნა ჯერჯერობით მაღალი არ არის.

„ჩვენს რეგიონში ძალიან მცირე დროა აქტიური სეზონისთვის და მნიშვნელოვანია, რომ დროულად დაიწყოს სეზონი. შატილი ამ ეტაპზე ჯერ კიდევ გააქტიურების ფაზაშია და დატვირთვაც შესაბამისია - არც თუ მაღალია ამ დროისთვის, განსაკუთრებით კი შუა კვირაში. შუა კვირაში მომართვიანობა გაცილებით დაბალია, ვიდრე წინა წლებში იყო. ამჟამად არის ჯავშნები, მაგრამ არ არის ძალიან აქტიური“, - აღნიშნავს ანნა ჭინჭარაული.

ჭინჭარაული აღნიშნავს, რომ „სულფონს“ სტუმრობენ როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი დამსვენებლები. მანვე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ბოლო წლებში საფეხმავლო ტურიზმი მკვეთრად შემცირდა.

ჭინჭარაულის თქმით, გასულ წლებში ბევრი ტურისტი ახორციელებდა საფეხმავლო ტურებს. მათი უმეტესობა გერმანიიდან, ბალტიისპირა ქვეყნებიდან, პოლონეთიდან და საფრანგეთიდან იყვნენ, ახლა კი შემცირებულია საფეხმავლო ტურები. მანვე დასძინა რომ იგივე დინამიკა შეინიშნება ადგილობრივი მოქალაქეების მიმართაც.

„ბოლო წლებში საფეხმავლო ტურიზმი მკვეთრად შემცირდა. მახსოვს, ადრე შუა კვირები გაცილებით დატვირთული გვქონდა, ძირითადად ისეთი ქვეყნებიდან დადიოდნენ, საიდანაც ბოლო პერიოდში აღარ არიან, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ძალიან ბევრი იყო, ასევე იყვნენ გერმანელები, პოლონელები, ფრანგები, ახლა ეს შემცირებულია.

საფეხმავლო ტურიზმის კუთხით ქართველებს რაც შეეხება, ერთი პერიოდი ხევსურული მარშრუტები ძალიან პოპულარული გახდა და ახლა ამ ეტაპზე სტაბილურობას ინარჩუნებს, ისე როგორც უცხოელების შემთხვევაში. ოჯახებით დასვენების მსურველთა ზრდის ტენდენცია უფრო შეინიშნება ახლა“, - ამბობს ანნა ჭინჭარაული.

რაც შეეხება მოლოდინებს, „სულფონის“ თანადამფუძნებლის თქმით, დადებითი მოლოდინები აქვთ ზაფხულისთვის, შესაბამისად ემზადებიან და ახალ სივრცეებსაც ამატებენ. ჭინჭარაული აღნიშნავს, რომ მოლოდინები დადებითია, მაგრამ საჭიროა, რომ მთის ტურიზმის განვითარებისთვის გატარდეს გეგმაზომიერი ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს ტურისტების მოზიდვას.

„ჩვენი მხრიდან არის კარგი მოლოდინები, მაგრამ ვისურვებდი, რომ კონკრეტული ღონისძიებები გატარდეს, რომლითაც მოიზიდავენ ტურისტებს. შედეგად მარტო საკუთარი თავის იმედად არ ვიქნებით და იქნება გეგმაზომიერი პოლიტიკა მთის ტურიზმთან დაკავშირებით, რაც ხელს შეგვიწყობს“, - აღნიშნავს ჭინჭარაული.

მერი ტაბატაძე