ნასამართლეობის მქონე პირებს სამორინეს დაფუძნება ან მისი ხელმძღვანელობა აეკრძალებათ

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილებები მოამზადა

აკრძალვა "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილების პროექტით შემოდის, რომელიც მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა.     

კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, სამორინეს მოწყობის ნებართვის მქონე პირი არ უნდა იყოს საფინანსო-ეკონომიკურ, ასევე მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი. ასევე, სამორინეს მოწყობის სურვილის მქონე პირები ვალდებული იქნებიან, შემოსავლების სამსახურს წარუდგინონ ცნობა ნასამართლეობის შესახებ. აღნიშნული აკრძალვა შეეხება როგორც დამფუძნებელს, ასევე დირექტორს. როგორც პარლამენტში ითქვა, აღნიშნულ ნორმას უკუძალა ექნება, თუმცა ის ნასამართლეობამოხსნილ პირებზე არ გავრცელდება.

"კანონპროექტის შემუშავების მიზეზს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელი კომიტეტის - MONEYVAL-ის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები წარმოადგენს. მიზანი ეკონომიკური და საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის, ასევე მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მხრიდან სამორინეში ხელმძღვანელად ან წარმომადგენლად მუშაობის თავიდან არიდებაა. ამასთან, მიზანს წარმოადგენს ზემოაღნიშნული პირის მხრიდან სამორინეს დაფუძნების პრევენცია", - განმარტავს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

ნათია ინაური