ვის ეკუთვნის TOP 5 კომპანია, რომელსაც ჩინეთში ქართული ღვინო გააქვს

საქართველოდან ჩინეთში ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი 42%-ით შემცირდა. გასული წლის იანვარ-მაისში ჩინეთში ექსპორტირებულია 5.107 მლნ დოლარის ქართული ღვინოს, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში 2.962 მლნ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელ კომპანიებს გააქვთ ჩინეთში ქართული ღვინო და ვის ეკუთვნის აღნიშნული კომპანიები. საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მაისში ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული ღვინო ჩინეთში შემდეგმა ხუთმა კომპანიებმა გაიტანა: „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „კონჭო და კომპანია“, „პავილიონ ვაინს“, „რთველისი“ და „შუხმან ვაინს ჯორჯია“.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, გთავაზობთ, აღნიშნული TOP 5 კომპანიის შესახებ ინფორმაციას:

შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ - კომპანია 2004 წელს არის რეგისტრირებული. ბოლო ამონაწერით, კომპანიის გენერალური დირექტორი არის დავით დუგლაძე. რაც შეეხება მეწილეებს, კომპანიის 25.66%-იან წილს ალექსანდრე ივანიშვილი ფლობს, 25.68%-ს - ზაალ დუგლაძე, თუმცა მისი წილის მმართველი დავით დუგლაძეა, თავად დავით დუგლაძე წილის 25.66-ს განკარგავს, ხოლო 23%-ს შპს „აისი ინკ“.

თავის მხრივ, „აისი ინკ“ რეგისტრირებულია 2016 წელს, 2024 წელს განახლებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის დირექტორი დავით დუგლაძეა, მეწილეები კი ზაალ დუგლაძე (34%-ს განკარგავს დავით დუგლაძე), დავით დუგლაძე (33%) და ალექსანდრე ივანიშვილი (33%).

შპს „კონჭო და კომპანია“ - კომპანია 2001 წელს არის რეგისტრირებული, მისი დირექტორი გიორგი ავაზაშვილია. წილის 100%-ს სააქციო საზოგადოება „კორპორაცია ქინძმარაული“ ფლობს. „კორპორაცია ქინძმარაულის“ აქციონერები Reportal.ge-ზე არსებული 2022 წლის ანგარიშის მიხედვით შემდეგი პირები არიან:

  • თამაზ კონჭოშვილი 63.94%;
  • ეკატერინე ამირანაშვილი 23.94%;
  • ელგუჯა ცირიკაშვილი 5.93%;
  • სხვა აქციონერები 6.19%.

შპს „პავილიონ ვაინს“ – 2017 წელს არის აღნიშნული კომპანია სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი გიორგი ნატროშვილია. რაც შეეხება წილებს, ასე გადანაწილდა: გიორგი ნატროშვილი - 33.4%, არჩილ გოგელია 33.4% და გიორგი კაციტაძე 33.2%.

შპს „რთველისი“ - კომპანია 2019 წელს დარეგისტრირდა. „რთველისის“ გენერალური დირექტორი თორნიკე ჭიკაძეა, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბუზალაძე. კომპანიის წილები ასე ნაწილდება:

  • თორნიკე ჭიკაძე - 20%
  • ნიკოლოზ იმერლიშვილი - 20%
  • ალექსანდრე ჭიკაიძე - 20%
  • თორნიკე ქორთოშიძე - 20%
  • ზაური ქორთოშიძე - 20%

შპს „შუხმან ვაინს ჯორჯია“ – 2008 წელს რეგისტრირებული კომპანიის დირექტორები როლანდი ბურდიაშვილი და ნინო აბრამიშვილი არიან. კომპანიის წილებს შემდეგი პირები ფლობენ:

  • ნინო აბრამიშვილი - 10%;
  • გიორგი დაქიშვილი - 10%;
  • შპს „შუხმან კაპიტალი“ – 39.2% - თავის მხრივ ეს კომპანიის დირექტორი ნინო აბრამიშვილია, სრულ წილს კი გერმანული „ბურკჰარდ შუხმანის ფონდი“ ფლობს.
  • შპს „ენ ეი გრუპი“ – 40.8% - აღნიშნული კომპანიის დირექტორიც და 100%-იანი წილის მფლობელი ნინო აბრამიშვილია.

შენიშვნა: ადგილობრივი ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

მერი ტაბატაძე