სატრანსპორტო ქაოსი და ცუდი გაზონები - რის გამო აკრიტიკებენ ევრო 2024-ის მასპინძელ ქვეყანას

გერმანიის ქალაქებში, სადაც ევრო 2024-ის მაატჩები იმართება, ტურნირის პირველივე დღიდან ტრანსპორტის დიდი პრობლემებია. კერძოდ, ხალხმრავლობის გამო მატარებლის რეისები უქმდება ან იგვიანებს.

ამის შესახებ ფეხბურთის გულშემატკივართა ასოციაციის (FSA) განცხადებაში წერია, რასაც The Telegraph ავრცელებს.

ასოციაცია სატრანსპორტო ქაოსით “შეძრწუნებულია.”

“უბრალოდ, სასაცილოა მთავარ ტურნირზე ტრანსპორტის პრობლემების გამო თამაშის დასრულებიდან სამი საათის შემდეგ მატარებლის სადგურზე ჩარჩენილი გულშემატკივრების ხილვა,” - აცხადებენ FSA-ში.

The Telegraph-ს ბუნდესტაგის სტატისტიკა მოჰყავს და წერს, რომ ქვეყანაში, რომელსაც ფეხბურთი უყვარს და ამ მასშტაბის მატჩებს რეგულარულად მასპინძლობს, ლოგისტიკური პრობლემები ევროპის ჩემპიონატამდეც არსებობდა და დანარჩენმა მსოფლიომ ამის შესახებ მხოლოდ საერთაშორისო აუდიტორიის რეაქციის გამო შეიტყო. კერძოდ, 2023 წელს გერმანიის მთავარი სარკინიგზო ოპერატორ Deutsche Bahn-ის ყველა მატარებლის მხოლოდ 64% მივიდა დროულად დანიშნულების ადგილზე, რაც ისტორიული მინიმუმია.

პრობლემას თავად გერმანული Deutsche Welle-ც აღიარებს და წერს, რომ „გერმანიის ეფექტურობის მითი დამსხვრეულია.” გამოცემის ცნობით, გერმანიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ამჟამად ევრო 2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ფილიპ ლამმაც კი დიუსელდორფში, სლოვაკეთი-უკრაინის ნაკრებების მატჩზე დააგვიანა. ის იმავე Deutsche Bahn-ით მგზავრობდა.

„ვფიქრობ, ზოგადად, გერმანიაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ინფრასტრუქტურის განვითარებას ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას. ჩვენ კონტაქტზე ვართ Deutsche Bahn-თან და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ, რომ A წერტილიდან B წერტილამდე ხალხის გადაყვანა დროულად უზრუნველყონ. თუმცა პრობლემა ის არის, რომ ისინი ტურნირის დროს ცდილობენ ამას, რაზეც დიდი ხნით ადრე უნდა ემუშავათ,“ - ამბობს ლამი.

ამასთან, The Telegraph წერს, რომ ტურნირისთვის მოუმზადებელია როგორც სტადიონების სახურავი, საიდანაც წვიმა ჟონავს, ისე მოედნის გაზონებიც. მაგალითად, ფრანკფურტში, Deutsche Bank-ის არენაზე გამართული მატჩის დორის გაზონი დანაკუწდა, ხოლო შესვენებაზე ტექნიკურ პერსონალს მოედნიდან ბალახის გროვითა და მიწით სავსე სათლები გაჰქონდა.

ცუდი მოედნების მიზეზად The Telegraph ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) მატჩებს ასახელებს, რომლებიც ნოემბერში გაიმართა. ორგანიზატორები აღიარებენ, რომ მართალია, ბუნდესლიგის სეზონის დასრულებიდან ევრო 2024-ის დაწყებამდე გაზონი ხელახლა დაიგო, თუმცა მისი სწორად დასაწყობად საკმარისი დრო არ იყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ