„გაიზრდება სკუტერებთან ავარიების რიცხვი“ - ექსპერტი ავტობუსის ზოლში მოპედების მოძრაობის შესაძლო დაშვებაზე

თბილისის მერიამ მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, ავტობუსის ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობა, გარდა სამთვლიანი მოპედისა, დასაშვები იქნება.

„ბიზნესპრესნიუსთან“ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე საკითხზე კომენტირებისას აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილებები რისკის შემცველია და მოტოციკლებსა დ მოპედებთან საგზაო შემთხვევების რისკებს გაზრდის.

„მიუხედავად იმისა, რომ თავადაც სკუტერით ვმოძრაობ, მიმაჩნია, რომ ძალიან სარისკოა ეს გადაწყვეტილება. ავტობუსებისთვის შემაფერხებელი იქნება იმიტომ, რომ მოპედები და მოტოციკლეტები სხარტად მოძრაობენ და სხარტად შეუძლიათ აჩქარება და გაჩერება. ავტობუსებისთვის დამუხრუჭების დროს, მგზავრებისთვის, ჩემი აზრით, დისკომფორტი შეიქმნება.

ავტობუსის ზოლები ისე არის მოწყობილი, რომ ხშირად, როდესაც შეხვევა უწევს ავტომობილს რომელიმე მხარეს, უწევს ბაზლაინის გადაკვეთა და სარკეში გაკონტროლება, იმ მხარეს ხომ არ მოძრაობს ავტობუსი და ტაქსი. ამას დაემატება სკუტერი, რომელსაც გაჩერება და აჩქარება სხარტად შეუძლია.

მე ამ ნაბიჯს, არ გადავდგამდი ჩემი ნება რომ ყოფილიყო. მე ვამბობ, რომ გაზრდის სკუტერებთან ავარიებს“, - განაცხადა მევლუდ მელაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის მერიამ მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, ავტობუსის ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობა, გარდა სამთვლიანი მოპედისა, დასაშვები იქნება. მერია ინიციატივის პარლამენტისთვის განსახილველად გადაგზავნას აპირებს. თბილისის მერის განცხადებით, მოტოციკლებისა და მოპედების საავტობუსო ზოლებში მოძრაობის დაშვების ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესება.

იხილეთ ასევე: თბილისის მერია საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობის დაშვებას გეგმავს

მერი ტაბატაძე