გლობალური საზღვაო ტრანსპორტირების მაჩვენებელი 2010 წლის შემდეგ ყველაზე დიდ წლიურ ზრდას უახლოვდება, რასაც წითელ ზღვაში სატვირთო გემებზე ჰუსიტების თავდასხმები განაპირობებს.
ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
გემთმავლური აქტივობა, რომელიც ტონამილით იზომება, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში გეოპოლიტიკური რყევების გამო ისტორიაში მეორე ყველაზე მაღალ წლიურ ზრდას აფიქსირებს. კერძოდ, მაჩვენებელი, რომელიც გავლილ მანძილზე ტვირთის მოცულობის გამრავლებით განისაზღვრება, 2023 წელთან შედარებით, წელს 5,1%-ით, ანუ 3,2 ტრლ ტონამილით გაიზრდება.
ზრდა იმ ფონზე ხდება, როცა გემები იძულებული არიან, წითელ ზღვასა და ადენის ყურეს გვერდი აუარონ და ჩვეული მარშრუტი “აფრიკული რქის” შემოვლით შეცვალონ. ეს გზას ათასობით მილით აგრძელებს, რაც, დისტანციის ზრდასთან ერთად, ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირების მიზნით გლობალური ძალისხმევისთვისაც გამოწვევაა.
ტონამილზე წითელი ზღვის შეფერხებების გავლენამ ყველაზე მწვავედ საკონტეინერო გადაზიდვებზე იმოქმედა, რადგან კეთილი იმედის კონცხის გარშემო ამჟამად, დაახლოებით, 690 გემი დაცურავს.
მოელიან, რომ წელს სავაჭრო საზღვაო ტრანსპორტირების საშუალო მოცულობა, წინა წლის 1.8%-თან შედარებით, წელს 2.8%-ით გაიზრდება.
ცნობისთვის: გასულ თვეს Fitch Solutions-მა დაწერა, რომ თუ წითელ ზღვაში მდგრადი შეფერხება 2025 წლამდე გაგრძელდა, ეს ალტერნატიულ, მათ შორის, კეთილი იმედის კონცხის სავაჭრო მარშრუტსა და სხვადასხვა სახმელეთო დერეფანში ინვესტიციებს კიდევ უფრო წაახალისებს. ასეთ მარშრუტად შუა დერეფანი დასახელდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ