Akamai Technologies: ე.წ. ბოტები მთლიანი ვებტრაფიკის 42%-ს შეადგენენ

ბოტები მთლიანი ვებტრაფიკის 42%-ს შეადგენენ, ხოლო ამ ბოტების 65% მავნეა. ამის შესახებ Akamai Technologies-ის ბოლო ანგარიშში წერია.

ახალი ანგარიში, სათაურით, “ინტერნეტის მდგომარეობის შესახებ” (State of the Internet-SOTI), Akamai-მ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. ის დეტალურად აღწერს უსაფრთხოების რისკებსა და ბიზნესსაფრთხეებს, რომლებსაც ორგანიზაციები ვებსკრაპინგზე, ანუ ვებგვერდიდან ინფორმაციის ამოღებაზე მომუშავე ბოტების გავრცელებით აწყდებიან.

ანგარიშმა აჩვენა, რომ მაღალი რისკის ბოტების ტრაფიკით ყველაზე მეტად შემოსავლის მომტან ვებაპლიკაციებზე დამოკიდებული ელექტრონული კომერციის სექტორი დაზარალდა. იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი ბოტი მომგებიანია ბიზნესისთვის, ვებსკრაპერი ბოტები კონკურენტული დაზვერვისა და ჯაშუშობისთვის, ინვენტარის შეგროვებისთვის, ყალბი საიტის შესაქმნელად და სხვა სქემებისთვის გამოიყენება, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ როგორც შემოსავალზე, ასევე, მომხმარებლის მომსახურების ხარისხზე.

სკრაპერ-ბოტებს დახვეწილი ფიშინგ-კამპანიების შესაქმნელად იყენებენ, როგორიც არის პროდუქტის სურათების, აღწერილობებისა და ფასების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, რომ ყალბი მაღაზიის “ვიტრინები” ან ფიშინგ-საიტები შეიქმნას, რომლებიც ონლაინ-ბანკში შესვლის რეკვიზიტების ან საკრედიტო ბარათის ინფორმაციის მოპარვას ისახავს მიზნად.

ბოტები შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს ახალი ანგარიშის გახსნის ბოროტად გამოყენების გასაადვილებლად, რაც, ბოლო კვლევის თანახმად, თაღლითობით მიყენებული ზარალის 50%-მდე შეადგენს.

Akamai Technologies უსაფრთხოების ტექნოლოგიებისა და სტრატეგიის დირექტორი, რუბენ კოხი აცხადებს, რომ “ყოველი ბიზნესი, რომელსაც ონლაინ მაღაზია აქვს, გარკვეულწილად, ვებსკრაპერ-ბოტებს ეყრდნობა. თუმცა პრობლემა მაშინ ჩნდება როცა ამ ბოტების ბოროტად გამოყენება ხდება, რადგან ურთიერთმსგავსი ფუნქციები სასარგებლო და მავნე ბოტების ერთმანეთისგან გარჩევას ართულებს.”

მისი თქმით, არასებულ რეგულაციებში არ არსებობს კანონი, რომელიც ვებსკრაპერ-ბოტების გამოყენებას კრძალავს, ხოლო ხელოვნური ინტელექტის მქონე ბოტნეტების ზრდის გამო მათი აღმოჩენა გართულდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ