„ალაზნის პირზე არის პრობლემა, ვერ შედიან კომბაინები, რომ ხორბლის მოსავალი აიღონ, წყალშია“

„ალაზნის პირზე არის პრობლემა, ვერ შედიან კომბაინები, რომ ხორბლის მოსავალი აიღონ, წყალშია“,- ამის შესახებ მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, კომპანია "შირაქის" დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ bpn-თან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ინტენსიურმა წვიმებმა ხორბლის მოსავლის ნაწილი გააფუჭა, რის გამოც აღების პროცესი გაჭიანურდა.

ამასთან, ნიკოლოზ ბენიაიძე აღნიშნავს, რომ ეს ფასზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ადგილობრივი ხორბლის ღირებულებას, ისედაც იმპორტირებული პროდუქციის ფასი განაპირობებს.

„თავიდან ხორბლის მოსავლის კარგი მაჩვენებლები იყო, მაგრამ ამ ინტენსიურმა წვიმებმა გააფუჭა, დასეტყვა რაღაც ფართობები, ალაზნის პირზე არის პრობლემა, ვერ შედიან კომბაინები, რომ ხორბლის მოსავალი აიღონ, წყალშია. სადრენაჟე სისტემებია მოშლილი. სწორედ ინტენსიურმა წვიმებმა გამოიწვია ის, რომ ბევრი ფერმერი ვერ იღებს მოსავალს ალაზნის პირზე.

საჰექტრო მოსავალი თავიდან იყო კარგი და მაგრამ ახლა იკლო, ზოგან სეტყვა მოვიდა, ზოგან ვერ იღებენ, გაჭიანურდა, ამ დროს დამთავრებული უნდა იყოს ხორბლის აღება. ფაქტობრივად, ნახევარზე მეტი ასაღებია დედოფლისწყაროში და სიღნაღში.

რაც შეეხება ღირებულებას, ძირითადად, საქართველო ვერ ადებს ხორბალს ფასს, იმიტომ, რომ იმპორტზეა დამოკიდებული 80% და მეტიც. წელს უფრო მეტიც იქნება დამოკიდებული, რადგან არ დაითესა ის რაოდენობა ფართობების, რაც შარშან. იმიტომ, რომ ვერ გაყიდეს ფერმერებმა თვითღირებულებაშიც და იცით, რომ ამ მხრივ პრობლემები იყო. შესაბამისად, წელს მოსავალი ნაკლები იქნება, შარშანდელთან შედარებით“,- ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე.

ნინი ქეთელაური