„საქართველოში მზის ელექტროსადგურების აშენება კლდეებზეც შესაძლებელია“ - მაია მელიქიძე

მიმდინარეობს საუბარი იმის შესახებ, რომ საქართველოში კლდეზე აშენდეს მზის ელექტროსადგურები - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ განაცხადა.

მიქელაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მსოფლიოში აპრობირებულია მზის ელექტროსადგურების კლდეებზე განთავსება. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო მთაგორიანი კლდოვანი ქვეყანაა, შესაძლოა, მზის ელექტროსადგურების აშენებისთვის აღნიშნული ტერიტორიებიც გამოვიყენოთ.

„არის საუბარი იმაზე, რომ აშენდეს სხვა ტიპის მზის ელექტროსადგურები და მოხარული ვიქნები ის შესაძლებლობა, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში მაქსიმალურად იყოს ათვისებული. დღეს მხოლოდ ნეტო აღრიცხვით არის შესაძლებელი, მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესები და მოსახლეობა აყენებს სახურავზე მზის პანელებს და აგენერირებენ ენერგიას. გენერირებული არის ჯამში მთელი საქართველოს მასშტაბით 70 მეგავატი.

ახლა არის საუბარი იმაზე, რომ მზის ელექტროსადგურების აშენება მოხდეს მიწაზე, უფრო მეტსაც ვიტყვი მსოფლიო პრაქტიკა იცნობს კლდეზე აშენებულ მზის ელექტროსადგურებს და შესაძლოა, საქართველო, რადგან არის მთაგორიანი და კლდოვანი ქვეყანა, კლდის გამოყენებაც მოხდეს ელექტროენერგიის გენერაციის მიზნით“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში პირველი მოტივტივე მზის ელექტროსადგური გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლემშვენიერაში აშენდა. მეორე მსგავსი ტიპის მზის ელექტროსადგური აშენდება სიონის წყალსაცავზეც. როგორც მელიქიძე განმარტავს, განიხილება მსგავსი ტიპის მზის ელექტროსადგურების მიწაზე მოწყობა.

იხილეთ ასევე: საქართველოში პირველი მოტივტივე მზის ელექტროსადგური გაიხსნა

საქართველოში მეორე მოტივტივე მზის ელექტროსადგური აშენდება

მერი ტაბატაძე