რუსულმა ელექტრომატარებელ „ლასტოჩკამ,“ რომელიც სოჭსა და გაგრას შორის მოძრაობს, ერთ წელიწადში 70 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.
ინფორმაციას დე ფაქტო აფხაზეთის რკინიგზის პრესსამსახური ავრცელებს.
“ლასტოჩკა” სოჭსა და გაგრას შორის 2023 წლის 8 ივნისიდან აფხაზეთისა და რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებების შედეგად ამოქმედდა, რისი მიზეზიც რუსეთ-აფხაზურ მარშრუტზე მგზავრობის მაღალი მოთხოვნა იყო.
„ლასტოჩკას“ ამოქმედებიდან დღემდე 73,105 ტურისტი, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისიდან 23,222 მგზავრი იქნა გადაყვანილი. აქედან ყველაზე მეტი რაოდენობა, ანუ 7,890 მგზავრი ივნისში დაფიქსირდა.
ცნობისთვის: აპრილის ბოლოს „ლასტოჩკა“ სატესტო რეჟიმით სოხუმში პირველად შევიდა. მიზანი იყო ლიანდაგისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დეტალური შემოწმება იმის დასადგენად, „თუ რამდენად სწრაფად და ეფექტურად შეიძლება, აღდგეს მუდმივი მიმოსვლა სოხუმთან.“ დადგინდა, რომ მთავარი ხარვეზი მატარებლის ზომას ეხება, რაც გაგრამდე არა, თუმცა გაგრიდან სოხუმამდე პრობლემას ქმნის, რადგან „ლასტოჩკა“ დიდი გაბარიტის მატარებელია. სოხუმში ყოველ მეორე დღეს ჯერ მხოლოდ მოსკოვი-სოხუმი-მოსკოვის სამგზავრო მატარებელი დადის, რომელიც 20 აპრილიდან უკვე ყოველდღიურ რეჟიმში მოძრაობს, ხოლო 29 მაისიდან სოხუმის სადგურზე მატარებელი ყოველდღე სანქტ-პეტერბურგიდანაც ამოქმედდა.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, აფხაზეთში 2017 წლიდან მგზავრთა ტრანსპორტირება ბილეთების ერთიანი სისტემით მიმდინარეობს. წლევანდელ საკურორტო სეზონზე აფხაზეთის ხუთ ქალაქში, გაგრაში, ბიჭვინთაში, გუდაუთაში, ახალ ათონსა და სოხუმში რუსეთის მოქალაქეების ტრანსპორტირება ადლერის რკინიგზის სადგურზე და სოჭის აეროპორტში გადაჯდომით ხდება, რაც 30 აპრილიდან დაიწყო და 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ