საქართველოში, კერძოდ კი გარდაბანში 10 წლის წინ დაანონსებული მიწისქვეშა გაზსაცავი დაგეგმილი სახით აღარ აშენდება. „საქართველოს გაზისა და ნავთობის კოროპორაცია“ ამ ეტაპზე ბუნებრივი აირის ალტერნატიული დარეზერვების სისტემის პროექტზე მუშაობს. თუმცა როგორი იქნება და სად განთავსდება ეს სისტემა, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ , გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სამგორის სამხრეთი თაღის საბადოსთან მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობაზე საუბარი 2014 წელს დაიწყო. მაშინ ცნობილი იყო, რომ გაზსაცავს 300 მილიონ კუბური მეტრამდე მოცულობის ბუნებრივი გაზის შენახვა უნდა უზრუნველყო. თუმცა გაზსაცავის აშენების ვადა არაერთხელ გადავადდა და დღემდე არ განხორციელებულა.
ჯერ კიდევ 2018 წელს გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (KfW) და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შორის ხელი მოეწერა 150 მლნ ევროს ოდენობით არასუვერენულ სასესხო შეთანხმებას პროექტის განხორციელებისთვის. მოგვიანებით, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან აღნიშნული სესხიდან 120 მლნ ევროს რეპროგრამირება განხორციელდა.
მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა და გაზსაცავის თავდაპირველად დაგეგმილი პროექტის სახით განვითარება ამჟამად შეჩერებულია. „ბიზნესპრესნიუსმა“ შეჩერების მიზეზებთან დაკავშირებით „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ მიმართა.
უწყებაში ამბობენ, რომ პროექტის შეჩერება უკავშირდება პროექტის „გაუმართლებლად“ მაღალ საინვესტიციო ღირებულებას, პროექტის განხორციელების ადგილზე გეოლოგიურ სირთულეებს და თანხების სხვა „უფრო პრიორიტეტულ“ მიმართულებაზე დახარჯვას.
„პროექტის შეჩერების მიზეზი გახდა არსებული პროექტის მოდიფიკაციის აუცილებლობა, რაც დაკავშირებულია ადრეულ ეტაპზე შერჩეული რეზერვუარის გეოლოგიურ სირთულესთან (სავარაუდო მაღალი სეისმურობა, განლაგების სიღრმე და გაზის იზოლირების სირთულეები), რამაც განაპირობა პროექტის გაუმართლებლად მაღალი საინვესტიციო ღირებულება, აგრეთვე, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მიერ გამოყოფილი 150 მლნ ევროდან დიდი ნაწილის სხვა, უფრო პრიორიტეტული მიმართულებით გახარჯვა“, - განგვიცხადეს „ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“.
კორპორაციის ცნობით, ამ ეტაპზე USAID-ის დახმარებით, „მიმდინარეობს მუშაობა გაზსაცავის პროექტის მოდერნიზაციის შესაძლებლობის ან თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული ალტერნატიული დარეზერვების პროექტის მიზანშეწონილობის შესწავლაზე“.