ახლახან ბარსელონას საკრებულომ ტურისტული გადასახადის მორიგ ზრდას კენჭი უყარა, რომელიც 1-ლი ოქტომბრიდან ქალაქში გატარებული ყოველი ღამისთვის ერთ ადამიანზე 4 ევროს შეადგენს. ინფორმაციას Euronews Travel ავრცელებს.
ჭარბ ტურიზმთან ბრძოლის ფარგლებში ქალაქის ხელისუფლებამ ტურისტული გადასახადი არაერთხელ გაზარდა. კერძოდ, ბოლოს გადასახადი ორ ეტაპად, 2023 წლის 1 აპრილიდან 1,75-დან 2,75 ევრომდე, ხოლო მიმდინარე წლის 1 აპრილიდან უკვე 3,25 ევრომდე გაიზარდა.
ამასთან, ამ საქალაქო გადასახადის გარდა, ბარსელონაში ვიზიტორებმა რეგიონული გადასახადიც უნდა გადაიხადონ. მისი ოდენობა იმ საცხოვრისის ტიპის მიხედვით იცვლება, რომელშიც დამსვენებლები ჩერდებიან. მაგალითად, ოთხვარსკვლავიანი სასტუმროებისთვის ეს გადასახადი 1,70 ევროს, Airbnb-ზე და მსგავს პლატფორმებზე ნაქირავებ საცხოვრისზე 2,25 ევროს, ხოლო ხუთვარსკვლავიანი და ძვირადღირებული სასტუმროებისთვის 3,50 ევროს შეადგენს.
ასევე, საკრუიზო გემების მგზავრები, რომლებიც ქალაქში 12 საათზე ნაკლები დროით ჩერდებიან, რეგიონს 3 ევროს, ხოლო 12 საათზე მეტ დროში 2 ევროს უხდიან.
ამდენად, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ბარსელონას ვიზიტორებს ქალაქისთვის, რეგიონული ტურისტული გადასახადის გარდა, ღამეში ამჟამინდელი 3,25 ევროს ნაცვლად, 0,75 ევროთი მეტი, ანუ 4 ევროს გადახდა მოუწევთ. კერძოდ, ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში გაჩერებული სტუმრები ერთ ადამიანზე ღამეში სულ 7,50 ევროს, ხოლო ერთი კვირის განმავლობაში ამჟამინდელი 47,25 ევროს ნაცვლად 52,50 ევროს გადაიხდიან.
ბარსელონის ხელისუფლება, რომელიც ვიზიტორთა რაოდენობის ნაცლვად „ხარისხიან“ ტურიზმზე აკეთებს აქცენტს, იმედოვნებს, რომ მომატებული გადასახადი ქალაქის წლევანდელი ბიუჯეტის შემოსავალს 95 მილიონიდან 115 მლნ ევრომდე გაზრდის. ამოღებული თანხა ქალაქის ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად, გზების, ავტობუსით მომსახურებისა და ესკალატორების ხარისხის გასაუმჯობესებლად დაიხარჯება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ