ნათია თურნავამ ფინანსური ტექნოლოგიების მასშტაბურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ციურიხში, ფინანსური ტექნოლოგიების თემაზე გამართულ მასშტაბურ ფორუმში Point Zero Forum მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, ფორუმზე სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები, რეგულატორები და ინდუსტრიის ლიდერები მონაწილეობდნენ. ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა ერთმანეთს ფინანსური ეკოსისტემის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობისთვის საჭირო უახლესი ინოვაციები გაუზიარეს.

"საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს პროაქტიული მარეგულირებელი პოლიტიკის განხორციელებას, უახლესი ფინტექ-ინფრასტრუქტურის განვითარებას და საერთაშორისო პარტნიორობის გაფორმებას ფინანსური ინოვაციების გასაძლიერებლად", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელზეც ფინანსური სერვისების განვითარებაში ინოვაციების მნიშვნელობასა და სებ-ის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

„მან ასევე ხაზი გაუსვა სებ-ის როლს საქართველოს ფარგლებს გარეთ ფინტექ ეკოსისტემის პოპულარიზაციაში და ხაზი გაუსვა ქართული კომერციული ბანკების საერთაშორისო მიღწევებს, ტექნოლოგიურ მოქნილობასა და სერვისების ინოვაციურ, ექსპორტირებად ხასიათს.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველომ საკმაოდ განვითარებული ფინანსური სისტემა შექმნა, სადაც წამყვანი ბანკები რეგიონში ფართოვდებიან. მისივე თქმით, ქართული ბანკები ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან რეგისტრირებული, რაც აძლიერებს მათ საერთაშორისო სანდოობას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.