ალგეთისა და დალის წყალსაცავებზე შესაძლოა, მზის მოტივტივე ელექტროსადგურები აშენდეს

საქართველოში მეორე მოტივტივე მზის ელექტროსადგურს „ჯორჯიან დაინემიკ ფაუერი“ სიონის წყალსაცავზე ააშენებს. მზის ელექტროსადგური პროექტირების ბოლო ეტაპზეა და მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ „ჯორჯიან დაინემიკ ფაუერის“ დირექტორი, ნატა ჯაოშვილი აცხადებს, კომპანია განიხილავს, რომ მსგავსი ტიპის მზის ელექტროსადგურები ალგეთისა და დალის წყალსაცავებზეც ააშენოს. მისი თქმით, ამჟამად მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს.

ჯაოშვილის აღნიშნავს, რომ შესაძლოა, აღნიშნულ წყალსაცავებზე ახალი პანელების დამონტაჟების ნაცვლად, ჯერ სიონის წყალსაცავის ელექტროსადგური გააფართოოს.

„მსგავსი პროექტი იგეგმება, რომ განხორციელდეს ალგეთის წყალსაცავსა და დალის წყალსაცავზე. ჯერჯერობით ეს ორი მოიაზრება. ეს ორივე პროექტი ჯერჯერობით მოლაპარაკების ეტაპზეა იქიდან გამომდინარე, რომ მთავარი მიზანია ჯერ, რომ განვათავსოთ სიონზე. როგორც მოგეხსენებათ, ეს არის ლეგო ტიპის და შესაძლებელია მისი გაზრდა მოთხოვნისამებრ და შესაძლებელია, რომ ჯერ სიონის წყალსაცავზე გაზრდა მოხდეს სხვა წყალსაცავზე დაინსტალირების მაგიერ“, - განაცხადა ნატა ჯაოშვილმა.

ცნობისთვის, „ჯორჯიან დაინემიკ ფაუერი“ სიონის წყალსაცავზე მზის ელექტროსადგურის მშენებლობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს. აღნიშნული ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 3 მგვტ იქნება, ხოლო წლიური გამომუშავება 4,61 გვტ. სთ.

შეგახსენებთ, საქართველოში პირველი მოტივტივე 216 კვტ. სიმძლავრის მზის ელექტროსადგური გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლემშვენიერაში აშენდა. საპილოტე პროექტის ყოველწლიურად გამომუშავებული ენერგია 300 000 კვტ.სთ იქნება, რაც ხარჯებს, წლიურად 32 400 დოლარით შეამცირებს.

მერი ტაბატაძე