იტალიური ტოსკანა რეგიონში დასახლების მსურველებს 10-დან 30 ათას ევრომდე გადაუხდის

იტალიის ტოსკანას რეგიონის ხელისუფლებამ ახალი პროგრამა წამოიწყო, რომელიც იქ საცხოვრებლად გადასვლის მსურველებისთვის თანხის გადახდას ითვალისწინებს.

ინფორმაციას Business Insider ავრცელებს.

პროგრამა, სახელწოდებით, “რეზიდენცია მთებში” (Mountain Residence) ივნისში დაიწყო და რეგიონში მოსახლეობის კლების სტაბილიზაციის მცდელობის ნაწილია. სპეციალურად შექმნილი საერთო ფონდი 2, 8 მლნ ევროს შეადგენს, საიდანაც რეგიონის სოფლად დასახლების მსურველები დაფინსანსდებიან.

კერძოდ, ფონდი გრანტის სახით 10,000-დან 30,000 ევრომდე გადაუხდის პირს, ვინც ტოსკანაში საცხოვრებლად გადავა და სოფლის სახლს განაახლებს, რომელშიც უნდა იცხოვროს.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პროგრამის მიზანია, “მთის ტერიტორიების ხელახალ დასახლებას, მის სოციალურ-ეკონომიკური აღორძინებას ხელი შეუწყოს და ეს პროცესი ამ ტერიტორიების მარგინალიზაციის საპირწონედ წაახალისონ.”

გრანტი სახლის რემონტის ღირებულების 50%-ს დაფარავს ტოსკანას 76-იდან ერთ-ერთ ქალაქში, სადაც მოსახლეობა 5,000-ზე ნაკლები დარჩა. ამ პატარა ქალაქებს შორის არის სან-კაშანო-დეი-ბანი, რომელიც თავისი თერმული აუზებით არის ცნობილი; ასევე, მიქელანჯელოს კაპრეზე, რომელიც რენესანსის მხატვრის მშლობლიური მხარეა და კუნძული, კაპრაია-იზოლა.

პროგრამა ხელმისაწვდომია იტალიელებისთვის, ევროკავშირისა და მესამე ქვეყნების იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ევროკავშირში გრძელვადიანი, მინიმუმ, 10-წლიანი ბინადრობის ნებართვა აქვთ. აპლიკანტები, რომლებიც მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, ვალდებული არიან, ტოსკანას საკუთრება მათი მთავარი საცხოვრებელი სახლი გახადონ.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 27 ივლისს იხურება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ