„შრომის ბაზარზე ადამიანური რესურსის მკვეთრი დეფიციტი არის ერთ-ერთი მწვავე საკითხი“

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდის მიზნით პროფესიული უნარების სააგენტოსთან შეხვედრა გაიმართა.

BAG-ის წევრ კომპანიებთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი ირინე მარგიშვილი.

სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ბიზნესის წარმომადგენლებს სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური, თუ ტექნიკური საშუალებების სხვადასხვა შესაძლო ფორმატი გაუზიარა, რომელიც კვალიფიციური კადრების უკეთ მომზადებას უზრუნველყოფს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ თავის მხრივ, ყურადღება გაამახვილა ბიზნეს სექტორში კვალიფიციური კადრების დეფიციტზე და BAG ინდექსის მონაცემებზე დაყრდნობით ისაუბრა იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც კვლევაში იკვეთება.

„შრომის ბაზარზე ადამიანური რესურსის მკვეთრი დეფიციტი არის ერთ-ერთი მწვავე საკითხი, რომელიც ბიზნეს სექტორში ფიქსირდება, რასაც ცხადყოფს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კვლევა BAG ინდექსი. მზად ვართ, ჩავერთოთ ყველა შესაძლო ინიციატივაში პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, რადგან ეს არის ის საკითხი, რომელიც ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ბიზნეს სექტორისთვის“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.