„კოტრდებიან ფერმერები, ზოგი მიწას ყიდის, ზოგი ტრაქტორს, საწყობს“ - რა გამოწვევები აქვთ მეხორბლეებს

„კოტრდებიან ფერმერები, ზოგი მიწას ყიდის, ზოგი ტრაქტორს, ან საწყობს“ ,- ამის შესახებ მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, კომპანია "შირაქის" დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ bpn-თან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ფერმერებისთვის მთავარი გამოწვევა კვლავ ხორბლის ღირებულებაა, რაზეც გავლენას იმპორტირებული პროდუქტი ახდენს. როგორც ნიკოლოზ ბენიაიძე აღნიშნავს, გასული 2 წლის განმავლობაში ადგილობრივი ხორბალი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაიყიდა და თუ მესამე წელსაც, ღირებულება არ გაიზრდება, ფერმერები საქმიანობის გაგრძელებას უბრალოდ, ვეღარ შეძლებენ.

„კოტრდებიან ფერმერები, ზოგი მიწას ყიდის, ზოგი ტრაქტორს, ან საწყობს. ამ ფასებში (ხორბლის ფასი) თავის გატანა ძალიან ძნელია, ფაქტობრივად, მესამე წელი დაიწყო და 2 მოსავალი უკვე გაიყიდა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, როგორ გაუძლებენ ამას?! წარმოუდგენელია.

მთავრობამ გადადგა კარგი ნაბიჯები, შემოიღო იაფი სესხი, საწვავი დააფინანსა, ტრაქტორი, კომბაინი, მაგრამ როდესაც თვითღირებულებაშიც ვერ გაყიდი, რით უნდა გადაიხადო ბანკის სესხი, ტრაქტორის გადასახადი და ა.შ.?!

პროცენტულად რომ გითხრათ, 100%-ით, ყველა ფერმერს ეს გასაჭირი უდგას. აქ საუბარია იმაზე, ვინ რამდენ ხანს გაუძლებს. თუ ფასმა არ მომატა, ყველა გაკოტრდება, ვერ გაგრძელდება ეს საქმიანობა. მაგრამ აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ტენდენცია, ფასის მატების, დაწყებულია. შარშან იყო 45 თეთრი, ახლა არის 53 თეთრი, მაგრამ ეს არ არის ფასი, ეს არ არის გაყიდვა. არ ვიცით რა ხდება, რუსეთიდან შემოტანილი ჯდება გაცილებით ძვირი, 80 თეთრზე მეტი, დავაკლოთ დღგ ამ ყველაფერს და იმ ფასად მაინც არ იყიდება.

გამოსავალი ყოველთვის არსებობს და გააჩნია მიდგომას. ფერმერებს აქვს იმედი, რომ რუსეთში მოიყინა რაღაც ფართობები და ის რაოდენობა და ფასი ვეღარ ექნება. ისეთი რამე ხდება, ვერ აგვიხსნია, დეფიციტია, მოთხოვნა არის, მაგრამ ფასი არ იწევს (მაღლა)“,- ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე.

მისი თქმით, არსებულ პრობლემებზე, სამინისტროებთან და სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობაც იყო, სადაც შეთანხმება მოხდა, რომ ამ ეტაპზე, ადგილობრივი ფერმერის გადასარჩენად, ხორბლის ოპტიმალური ფასი 70 თეთრია.

„ამაზე იყო ძალიან ბევრი მსჯელობა, ჩართული იყო ფინანსთა სამინისტროც, ეკონომიკის სამინისტროც, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ამაზე ბევრი ვისაუბრეთ, მეპურეებთან, მეწისქვილეებთან, ფერმერებთან და იმ 70 თეთრზე შევთანხმდით, რომელიც არ გააძვირებს პურს, აამუშავებს წისქვილს, არ გაძვირდება კვერცხი, ხორცი და ა.შ. რაც არ იმოქმედებს არავისზე და ფერმერი მიიღებს იმ მინიმალურს, რომლითაც გადარჩება. შესაბამისად, გააგრძელებს კვლავ წარმოებას. არადა, მეტი პოტენციალი აქვს ქვეყანას, ახლა თუ 15-20%-ს ვაწარმოებთ, შეგვიძლია გავზარდოთ 50%-მდე, მაგრამ ახლა პირიქით არის, შარშან თუ დაითესა პირობითად, 50 000 ჰექტარი, წელს დაითესა 40 000 ჰექტარი.

მაგალითად, თურქეთს როგორც კი მსგავსი პრობლემა დაუდგა, მაშინვე ადგა და 130% დაადო იმპორტირებულს იმისთვის, რომ ადგილობრივი ფერმერებს გაეყიდათ. ჩვენთანაც ანალოგური გამოდის, რაღაც რომ დაუწესეს, მაგრამ იმდენად დაბალი ფასი დაუწესეს, რომ ფერმერმა ვერაფერი იხეირა.

მითუმეტეს, რომ ჩვენ დეფიციტურს ვაწარმოებთ და ჩვენი ნაწარმი, 15-20% ვერ გაგვიყიდია თავის ფასში, ეს არის უბედურება“,- ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე.

ნინი ქეთელაური