ჩინეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა შუა დერეფნით ტვირთი თავად გაუშვეს

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა და ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, იგივე, შუა დერეფნის გასწვრივ ტვირთების გაშვების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

ინფორმაციას ყაზახეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ღონისძიება ასტანაში, ტელეხიდის რეჟიმში გაიმართა. პირველ რიგში, ცერემონიის მონაწილეებს უჩვენეს ვიდეო “ერთი სარტყელი, ერთი გზის” გასწვრივ საქონლის ტრანზიტის შესახებ, რის შემდეგაც ორი სახელმწიფოს მეთაურებმა ტრანსკასპიური მარშრუტის გასწვრივ სატვირთო ავტომობილებისა და სარკინიგზო კონტეინერების მოძრაობა ჩაუშვეს.

ცნობისთვის: 28 ივნისს ჩინეთის პროვინცია ძზიანსუს დედაქალაქ ნანკინიდან სტამბოლის მიმართულებით 110 კონტეინერისგან შემდგარი პირველი სატვირთო მატარებელი გავიდა, რომელიც ცენტრალური აზია-კასპიის ზღვა-აზერბაიჯან-საქართველოს მარშრუტს გაივლის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ