„გარდაბნის გაზსაცავის დაცლა/შევსების დროს მიწისქვეშა რხევები ფიქსირდებოდა - პროექტი 50%-ით გაძვირდა“ - ენერგეტიკოსი

გარდაბანში 10 წლის წინ დაანონსებული მიწისქვეშა გაზსაცავი დაგეგმილი სახით აღარ აშენდება. „საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის“ განცხადებით, მშენებლობის შეჩერება უკავშირდება პროექტის „გაუმართლებლად“ მაღალ საინვესტიციო ღირებულებას, გეოლოგიურ სირთულეებს და თანხების „უფრო პრიორიტეტულ“ მიმართულებაზე დახარჯვას.

„ბიზნესპრესნიუსთან“ ენერგეტიკოსი გია არაბიძე საუბრობს მიზეზებზე, რამაც გაზსაცავის მშენებლობის შეჩერება გამოიწვია. მისი თქმით, პროექტზე მუშაობის დაწყების მომენტში „სერიოზული“ სამუშაოები ჩატარდა. ენერგეტიკოსის განცხადებით, მუშაობის პროცესში წარმოიშვა გეოლოგიური სირთულეები. კერძოდ, გაზსაცავის დაცლა/შევსების დროს წარმოიშვა მიწისქვეშა რხევები, რის გამოც, საჭირო გახდა პროექტის გადახედვა, რაც დაკავშირებული იყო თანხებთან.

„პროექტი დაიწყო წლების წინ, საკმაოდ სერიოზული სამუშაოები განიცადა ამ მიმართულებით. პანდემიის პერიოდში ეს თანხები გადასროლილ იქნა პანდემიის მოვლენების სალიკვიდაციოდ და ეს თემა ბოლომდე არ მივიდა. როდესაც ამ გაზსაცავის უსაფრთხოების მოდელირებაზე დაიწყეს სერიოზულად საუბარი, აღმოჩნდა, რომ გაზსაცავის დაცლა/შევსების პერიოდში გარკვეული რხევები ფიქსირდებოდა, რაც ბუნებრივია. იქ შეინიშნებოდა უსაფრთხოების გარკვეული პრობლემები, ამიტომ პროექტს დასჭირდა გადამუშავება და გადამუშავებისთვის გარკვეული თანხები უნდა ყოფილიყო მობილიზებული“, - აღნიშნა გია არაბიძემ.

მისი თქმით, საბოლოოდ პროექტი თავდაპირველთან შედარებით, 40-50%-ით გაძვირდა.

„ძალიან გაძვირდა ამ გაზსაცავის მოწყობის ფასები, თითქმის 40-50%-ით მოიმატა იმ თანხასთან შედარებით, რაც თავის დროზე იყო განსაზღვრული ასაშენებლად“, - განაცხადა გია არაბიძემ.

როგორც „ბიზნესპრესნიუსი“ წერდა, „საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაცია“ ამ ეტაპზე ბუნებრივი აირის ალტერნატიული დარეზერვების სისტემის პროექტზე მუშაობს.

იხილეთ ასევე: რატომ შეჩერდა 10 წლის წინ დაანონსებული გარდაბნის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა

მერი ტაბატაძე