"ამ მდგომარეობაში ყველაზე მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები"

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის აზრით, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა და ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებაა მნიშვნელოვანი. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქადაგიძემ რუსთაველის თეატრში განუცხადა, სადაც შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში ბიზნესფორუმი სახელწოდებით - "მეწარმეობის განვითარება და კაპიტალის ხელმისაწვდომობა შავი ზღვის რეგიონში" გაიხსნა.

ქადაგიძის განმარტებით, მსგავსი ტიპის რეგიონალური კონფერენციები საქართველოს ცნობადობის გაზრდის კუთხით მნიშვნელოვანია.  "ჩვენი მთავარი გამოწვევა, დღეს, რა თქმა უნდა, არის ეკონომიკური ზრდა, უმუშევრობის დაძლევა და ლარის კურსთან დაკავშირებული ვითარება, რომელიც მძიმედ დააწვა მოსახლეობას. ამ მდგომარეობაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და გაუმჯობესებული ბიზნესკლიმატი. ამიტომ ასეთი ტიპის რეგიონალური კონფერენციები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ კიდევ ერთხელ გვეძლევა საშუალება, ვისაუბროთ ჩვენს პოტენციალზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით აქვს", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.