„გაზის გამათხევადებელი პორტალები“ - რა პროექტი განიხილება გარდაბნის მიწისქვეშა გაზსაცავის აშენების ნაცვლად

გარდაბანში 10 წლის წინ დაანონსებული მიწისქვეშა გაზსაცავი დაგეგმილი სახით აღარ აშენდება, ნაცვლად ამისა, „საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაცია“ ბუნებრივი აირის ალტერნატიული დარეზერვების სისტემის პროექტზე მუშაობს. „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ენერგეტიკოსი გია არაბიძე აცხადებს, რომ გარდაბნის მიწისქვეშა გაზსაცავის აშენების ნაცვლად, განიხილება შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ბუნებრივი გაზის გამათხევადებელი პორტალების მოწყობა.

როგორც არაბიძე ამბობს, განიხილება პროექტის ფარგლებში გათხევადებული გაზის გემების საშუალებით ექსპორტზე გატანა. მისი თქმით, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები უკრაინასთან, რომელიც თანახმა იყო თავის ტერიტორიაზე საქართველოს მიერ გათხევადებული გაზის მიმღები პორტალები გაკეთებინა, თუმცა პროცესი უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა შეაფერხა.

„განიხილება, რომ ბუნებრივი გაზის გათხევადების პროცესი დავიწყოთ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე და გემების საშუალებით მოვახდინოთ გატანა ქვეყნის გარეთ. ამ მიმართულებამ მოწონება დაიმსახურა მთავრობაში. უკრაინის ომმა ხელი შეგვიშალა, უკრაინა იყო თანახმა, რომ თავის ტერიტორიაზე აეშენებინა ჩვენი გათხევადებული გაზის მიმღები პორტალი. თხევადი გაზი ისეთი ფენომენია, რომ მისი ბუნებრივი გაზის მილსადენში გატარება, გარკვეული ტექნიკური ოპერაციების შემდეგ, შესაძლებელია. ეს კუთხე მიიჩნიეს უფრო მომგებიანად და ეკონომიურად საქართველოში.

ამასთანავე, მთელი რიგი რეგიონები საქართველოში გაზიფიცირებული არ არის და გაზიფიცირება საკმაოდ ძვირი ჯდება, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია თხევადი გაზით ამ რეგიონების მომარაგება. ეს გაცილებით იაფი და საიმედო დაგვიჯდებოდა“, - აღნიშნა არაბიძემ.

მანვე ისაუბრა გაზის მოწოდების იმ გზებზეც, რომელსაც შემდეგ საქართველო გაათხევადებს და აღნიშნა, რომ გაზის იმპორტი შესაძლოა, შუა აზიის ქვეყნებიდან განხორციელდეს.

„მუშაობენ, რომ იქნებ მიწისქვეშა გაზსაცავი ჩავანაცვლოთ გაზის გამათხევადებელი პორტალებით, რომელიც გამოადგება ქვეყანას. მიდის მუშაობა მოწოდების გზებზეც, შეიძლება ეს იყოს შუა აზია, შესაძლოა, თურქმენეთის გაზიც მოზიდული იქნას თუ კარგი პორტალი აშენდება. შესაძლებელია, რომ მათი ბუნებრივი გაზი შემდეგ თხევადი გაზის სახით გატანილი იქნეს საზღვარგარეთ“, - განაცხადა გია არაბიძემ.

რაც შეეხება ტერიტორიას, ენერგეტიკოსის განცხადებით, გამათხევადებელი პორტალების მოწყობა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, გურია-აჭარის ტერიტორიაზე განიხილება, თუმცა ზუსტი ადგილმდებარეობა ჯერჯერობით უცნობია.

„სადღაც შავი ზღვის რაიონში განიხილება, გურია-აჭარის ტერიტორიაზე განიხილება, თუმცა ზუსტი ლოკაცია არ არის განსაზღვრული. მაგრამ ეს იქნება ისეთი ტერიტორია, რასაც ადვილად მიუდგება გემი, რომელიც გათხევადებულ გაზს გადაიტანს“, - დასძინა ენერგეტიკოსმა.

შეგახსენებთ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა 2014 წლიდან იგეგმებოდა. ჯერ კიდევ 2018 წელს გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (KfW) და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შორის ხელი მოეწერა 150 მლნ ევროს ოდენობით არასუვერენულ სასესხო შეთანხმებას პროექტის განხორციელებისთვის. მოგვიანებით, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან აღნიშნული სესხიდან 120 მლნ ევროს რეპროგრამირება განხორციელდა.

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ აცხადებენ, რომ გაზსაცავის შეჩერება უკავშირდება პროექტის „გაუმართლებლად“ მაღალ საინვესტიციო ღირებულებას, პროექტის განხორციელების ადგილზე გეოლოგიურ სირთულეებს და თანხების სხვა „უფრო პრიორიტეტულ“ მიმართულებაზე დახარჯვას.

კორპორაციის განმარტებით, ამ ეტაპზე USAID-ის დახმარებით, „მიმდინარეობს მუშაობა გაზსაცავის პროექტის მოდერნიზაციის შესაძლებლობის ან თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული ალტერნატიული დარეზერვების პროექტის მიზანშეწონილობის შესწავლაზე“.

მერი ტაბატაძე