Air France ოლიმპიადის გამო ზარალზეა

Air France-KLM-მ ზაფხულის სეზონისთვის ზარალი 160-180 მლნ ევროდ შეაფასა, რადგან მგზავრებს პარიზში ფრენა ოლიმპიადის გამო არ სურთ.

ინფორმაციას Bloomberg ავიაკომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გამო Air France და Transavia France ზაფხულის სეზონისთვის შემცირებულ შემოსავალს მოელიან. პარიზში და პარიზიდან ტრაფიკი, სხვა დიდ ევროპულ ქალაქებთან შედარებით, მოსალოდნელზე დაბალია.

Air France-KLM ივნისიდან აგვისტომდე პერიოდისთვის შემოსავლის პოტენციურ დანაკარგებს 160 მილიონიდან 180 მლნ ევრომდე აფასებს.

ცნობისთვის: ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ოლიმპიური ღონისძიებები ქვეყნის 35 ადგილზე გაიმართება, რომლებიც პარიზში, პარიზის გარეუბანსა და საფრანგეთის კიდევ ცხრა ქალაქში არის გადანაწილებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ