ჩინეთიდან აქტაუში, კურიკსა და ბაქოში სატვირთო ავტომობილები და საკონტეინერო მატარებლები სულ უფრო ხშირად შედიან

ჩინეთიდან სატვირთო ავტომობილების ქარავანი და საკონტეინერო მატარებელი აქტაუსა და კურიკის პორტებში შევიდა, საიდანაც ისინი აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ევროპის ქვეყნებისკენ გაემართებიან.

ამის შესახებ ყაზახეთის ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ალთაი ალიმ განაცხადა, რასაც Kazinform ავრცელებს.

მისი ცნობით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გასწვრივ ქარავნის მოგზაურობის ხანგრძლივობა 10 დღეს, ხოლო მანძილი 4,8 ათასი კმ-ს შეადგენს.

ქარავანმა ყაზახეთის რვა რეგიონი გაიარა და გუშინ კურიკის პორტს მიაღწია.

ამასთან, აზერბაიჯანის რკინიგზა ავრცელებს განცხადებას, რომ მიმდინარე თვიდან საკონტეინერო ბლოკის მატარებელი ჩინეთის ქალაქ სიანიდან ბაქოში შუა დერეფნის გასწვრივ ყოველდღიურად იმოძრავებს.

საყოფაცხოვრებო ნივთებით, ავტომობილებითა და სათადარიგო ნაწილებით დატვირთული პირველი მატარებელი ბაქოში, დაახლოებით, 12 დღეში ჩავა, რომელიც მანამდე ყაზახეთსა და კასპიის ზღვას გაივლის.

ცნობისთვის: 28 ივნისს ჩინეთის პროვინცია ძზიანსუს დედაქალაქ ნანკინიდან სტამბოლის მიმართულებით 110 კონტეინერისგან შემდგარი პირველი სატვირთო მატარებელი გავიდა, რომელიც ცენტრალური აზია-კასპიის ზღვა-აზერბაიჯან-საქართველოს მარშრუტს გაივლის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ