რუსული EkoNiva საქართველოში რძის ფხვნილის ექსპორტს გეგმავს

რუსეთში რძის პროდუქტების ერთ-ერთმა წამყვანმა ჯგუფმა, EkoNiva-მ რძის ფხვნილის რეგულარული ექსპორტი დაიწყო და ერთ-ერთ მიმართლებად საქართველოს განიხილავს. ამის შესახებ ჰოლდინგის პრესრელიზში წერია.

მანამდე, მაისის ბოლოს კომპანიამ 20 ტონა უცხიმო რძის ფხვნილის პირველი რეგულარული საექსპორტო პარტია სომხეთში გაგზავნა, სადაც იმავე მოცულობის მეორე პარტია ივნისის დასაწყისში შევიდა, ხოლო უახლოეს მომავალში ჯგუფმა ქვეყანას კიდევ ორი ​​პარტია უნდა მიაწოდოს. წლის ბოლომდე EkoNiva სომხეთში რძის ფხვნილის თვიური ექსპორტის 100 ტონამდე გაზრდას აპირებს.

“წელს EkoNiva ამ მიმართულებით მიწოდებას გააგრძელებს და უცხიმო რძის ფხვნილით სხვა მეზობელი ქვეყნების ბაზრებზეც შევა, კერძოდ, დაიწყებს ექსპორტს საქართველოში,” - წერს კომპანია.

მითუმეტეს, სომხეთში მიწოდება საავტომობილო გზით, საქართველოს გავლით ხდება, რასაც, საშუალოდ, 3-4 დღე სჭირდება.

„რძის ფხვნილის, როგორც საექსპორტო პროდუქტის დიდი უპირატესობა ის არის, რომ მის ტრანსპორტირებას სპეციალური პირობები არ სჭირდება, როგორიც არის ტემპერატურის რეჟიმი ან სპეციალური ტარა,“ - წერია პრესრელიზში.

პირველი საცდელი ექსპორტი გასულ წელს ყაზახეთში განხორციელდა, სადაც ჯგუფმა 40 ტონა უცხიმო რძის ფხვნილი გაგზავნა.

ამჟამად, საქართველოს გარდა, კომპანია პროდუქტის გაგზავნას ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, კერძოდ, ალჟირსა და ომანშიც გეგმავს.

უცხიმო რძის ფხვნილი მთლიან რძის პროდუქტების წარმოებაში გამოიყენება, როგორიც არის ნაყინი, ხაჭო და იოგურტი. მას, ასევე, ხორცისა და საკონდიტრო ნაწარმის, ცომეულის წარმოებაში იყენებენ. უცხიმო რძის ფხვნილი ბავშვთა კვების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია.

ცნობისთვის: კომპანიების ჯგუფი, EkoNiva 1994 წელს დაარსდა და ამჟამდ აქტივებს რუსეთის 13 რეგიონში, კერძოდ, ვორონეჟში, კალუგაში, კურსკის, ლენინგრადის, მოსკოვის, ნოვოსიბირსკის, ორენბურგის, რიაზანის, სამარას და ტიუმენის ოლქებში, ასევე, ალტაის მხარეში, ბაშკირეთსა და თათრეთში მართავს. ჯგუფის მთავარი, ანუ რძის სამმართველო მეცხოველეობის 40 კომპლექსს აერთანებს. 2023 წელს EkoNiva-მ 1,26 მლნ ტონა ნედლი რძე გამოუშვა და იმავე წლიდან რძის გადამუშავება დაიწყო. კომპანიას ოთხი გადამამუშავებელი ქარხანა აქვს.

2023 წელს ჯგუფ EkoNiva-ს შემოსავალი წინა წლის დონეზე დარჩა, რამაც, დაახლოებით, 70 მლრდ რუბლი (780 მლნ დოლარი) შეადგინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ