ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები, საბოლოოდ, 19300 ჰა ფართობზე განხორციელდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტატისტიკური მეთოდით ტყის ინვენტარიზაციის (FMI) საველე სამუშაოები ივნისის თვეში დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ინვენტარიზაციას ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სასწავლო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული მეტყევე ტაქსატორები ახორციელებენ.

„ოზურგეთში ტყის ინვენტარიზაცია, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტის - ECO Georgia ფარგლებში, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება.

საველე სამუშაოების დაწყებამდე, ტყის ინვენტარიზაციის მნიშვნელობის და ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.