რას მალავს ანტიკორუფციული ბიურო - TI

„2022 წელს ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების საფუძვლით ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ გაეუმჯობესებინა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი პრევენცია, მკვეთრად გააუარესა თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგისა და გამჭვირვალობის სტანდარტი“,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ კვლევაშია ნათქვამი.

ორგანიზაციის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო არღვევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონს და არ ასაჯაროებს თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს.

როგორ არღვევს კანონს ანტიკორუფციული ბიურო - TI განმარტავს, რომ საქართველოში დეკლარაციების მონიტორინგის ვალდებულება 2017 წლიდან ამოქმედდა და 2017-2022 წლებში მის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყება საჯარო სამსახურის ბიურო, ყოველი წლის 31 დეკემბერს პროაქტიულად აქვეყნებდა მონიტორინგის შედეგებს. კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად კი, 2023 წლის 1 სექტემბრიდან, დეკლარაციების მონიტორინგზე პასუხისმგებელი უწყება ანტიკორუფციული ბიურო გახდა. თუმცა, ორგანიზაციის მოკვლევის თანახმად, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ანტიკორუფციულმა ბიურომ დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები პროაქტიულად 2023 წლის ბოლოს არ გამოაქვეყნა.

„ უფრო მეტიც, ბიუროს შედეგები ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებით, 2023 წელს განხორციელებული ქონებრივი მდგომარეობის მონიტორინგის შედეგები უწყების 2023 წლის საქმიანობის ანგარიშშია წარმოდგენილი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს“- განმარტავს TI.

რა ინფორმაციას მალავს ანტიკორუფციული ბიურო? – „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ აცხადებენ, რომ 2023 წელს მონიტორინგს დაექვემდებარა ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული – 317 და დამოუკიდებელი კომისიის მიერ შერჩეული – 317 თანამდებობის პირის დეკლარაცია. ამ რაოდენობას დაემატა დასაბუთებული წერილობითი განცხადებით მოთხოვნილი დეკლარაციები. საბოლოოდ, ბიუროს ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს სულ 720 თანამდებობის პირის დეკლარაცია უნდა შემოწმებულიყო.

თუმცა ორგანიზაცია განმარტავს, რომ:

  • ანტიკორუფციულმა ბიურომ პროაქტიულად, 2023 წლის დეკემბრის ბოლოს არ გაასაჯაროვა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის პირდაპირი დარღვევაა.
  • ანტიკორუფციული ბიურო არ ასაჯაროებს მონიტორინგის შედეგს 720 თანამდებობის პირის დეკლარაციაზე და მალავს ინფორმაციას, თუ რა შედეგით დასრულდა მონიტორინგი თითოეულთან მიმართებით.

„მაგალითად, 2023 წელს მონიტორინგს დაექვემდებარა ირაკლი ღარიბაშვილის, ირაკლი კობახიძის, ირაკლი შოთაძისა და მისი მოადგილეების, გრიგოლ ლილუაშვილისა და მისი მოადგილეების, პარლამენტის წევრების, მათ შორის შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, დიმიტრი სამხარაძის, ვიქტორ ჯაფარიძის, დიმიტრი ხუნდაძის, ნინო წილოსანის, მიხეილ ყაველაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, ბექა ოდიშარიას დეკლარაციები. ასევე, მოსამართლეების, მათ შორის შალვა თადუმაძის, ლევან მურუსიძის, მიხეილ ჩინჩალაძის, დიმიტრი გვრიტიშვილის, ვასილ მშვენიერაძის დეკლარაციები. ბიურომ არ გაასაჯაროვა ინფორმაცია აღმოაჩინა თუ არა დარღვევები ამ თანამდებობის პირთა დეკლარაციებში, თუ აღმოაჩინა, რა დარღვევები ჰქონდათ და საპასუხოდ, რა ტიპის სანქცია გამოიყენა (გაფრთხილება თუ დაჯარიმება)“,- აღნიშნულია კვლევაში.

იხილეთ სრულად:

ნინი ქეთელაური