გაიცემა თუ არა თბილისში სამგზავრო ბარათები საჩუქრად? - ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს განმარტება

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და გავრცელებულ ინფორმაციას სამგზავრო ბარათების ჩუქებასთან დაკავშირებით, სიცრუეს უწოდებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, სხვადასხვა გვერდის სახელით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მოქალაქეებს, საჩუქრად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთწლიან უფასო სამგზავრო ბარათებს გადასცემენ.

ყალბ გვერდებზე ასევე, გამოყენებულია თბილისის მერიის ლოგო, ინფორმაციაში კი, ბარათის სანაცვლოდ, გარკვეული თანხის გადახდას ითხოვენ.

გვინდა, მოსახლეობას ვაცნობოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათების შეძენა შეგიძლიათ ჩვეული წესით, როგორც თბილისის მეტროსადგურებში, ისე საქართველოს ბანკის ფილიალებში.

მოვუწოდებთ მგზავრებს, არ ენდოთ მსგავსი ტიპის ინფორმაციას და პირველ რიგში, დარწმუნდით გვერდების სანდოობაში. მსგავს შემთხვევებში, ინფორმაცია ასევე, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22“- წერია განცხადებაში.

ეკა დარჩიაშვილი