მიმაჩნია, რომ მათი [ფეხბურთელების] მხრიდან მადლობის გადახდა სწორია და მეც ასე მოვიქცეოდი, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
აღნიშნულით იგი გამოეხმაურა საზოგადოების ნაწილის უარყოფით გამოხმაურებებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მიმართ, მას შემდეგ, რაც ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ბიძინა ივანიშვილსა და “ქართუს” მადლობა გადაუხადა.
როგორც დაუშვილმა აღნიშნა, არ შეიძლება და არასწორია, რომ ფეხბურთელების მიერ ნათქვამ ყველა სიტყვას პოლიტიკური ელფერი მისცე და პოლიტიკურ განზომილებაში გადაიყვანო.
“რა თქმა უნდა, საჩუქრისთვის გადახდილი მადლობა სწორი და კარგი საქციელია. როგორ შეიძლება, ამის გამო ვინმემ ვინმე დაამუნათოს? - ბიჭები სწორად და კარგად მოიქცნენ, ეს ყველაფერი დასაფასებელია. ყველას მოვუწოდებთ, რომ ამ ბიჭებს თავი დაანებონ. არ შეიძლება, მათ მიერ ნათქვამ ყველა სიტყვას პოლიტიკური ელფერი მისცე და პოლიტიკურ განზომილებაში გადაიყვანო, ეს არასწორია. ამ ადამიანებს აცადონ იმ ძალიან მაგარი საქმის კეთება და ჩვენთვის იმ უდიდესი ბედნიერების მონიჭება, რასაც ამდენი ხანია გვანიჭებენ, დიდი ზეიმი ყველას გვაჩუქეს.
მიმაჩნია, რომ მათი [ფეხბურთელების] მხრიდან მადლობის გადახდა სწორია და მეც ასე მოვიქცეოდი.
ცუდს უნდა დაერქვას ცუდი, კარგს კარგი. როცა კონკრეტული ქმედება დასაგმობი არ არის, რა თქმა უნდა, ჩვენ იმას არ დავგმობთ”, - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ “ქართუსგან”, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გამოიყო.
საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ, გუნდის სახელით, ბიძინა ივანიშვილს, ფონდ “ქართუს” და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის მადლობას გადაუხადა.