ევროკავშირმა ჩინური ელექტრომობილები დაბეგრა

ევროკავშირმა ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე გადასახადები დააწესა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ევროკომისიის განცხადებით, ჩინური ელექტრომობილები უსამართლოდ სუბსიდირდება, რაც ევროკავშირის მწარმოებლებს საფრთხეს უქმნის. ამ დასკვნამდე უწყება საკუთარი გამოძიების შემდეგ მივიდა.

გადასახადები შეეხო სამ ბრენდს. კერძოდ, BYD-ს 17.4%-იანი, Geely-ს, თითქმის, 20%-იანი, ხოლო SAIC-ს 37.6%-იანი გადასახადი დაეკისრათ. სხვა მწარმოებლები, რომლებიც, ევროკომისიის ცნობით, „გამოძიებასთან თანამშრომლობდნენ, მაგრამ შერჩეული ბრენდების სიაში არ მოხვდნენ,” 20,8%-იან გადასახადს დაექვემდებარებიან, ხოლო კომპანიებს, რომლებმაც თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს, 37,6%-იანი გადასახადი დაეკისრებათ.

Bloomberg წერს, რომ მომავალში ეს მაჩვენებლები შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს.

საინვესტიციო-საკონსულტაციო კომპანია Automobility-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ბილ რუსომ Bloomberg Television-ის ეთერში განაცხადა, რომ ევროკომისიის ქმედებები შესაძლოა, მიზნად ისახავდეს ჩინელი მწარმოებლების იძულებას, წარმოება ევროკავშირში გადაიტანონ.

ერთი დღით ადრე სააგენტო, Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების სისწორეში გერმანიას, პოლონეთს, საბერძნეთსა და ჩეხეთს ეჭვი ეპარებოდათ, ხოლო საფრანგეთმა, იტალიამ და ესპანეთმა ზომას მხარი დაუჭირეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ