კონდიციონერების იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა - სად ვყიდულობთ ჰაერის გამაგრილებლებს

საქართველოში კონდიციონერების იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში 33.412 მლნ დოლარის ღირებულების ჰაერის კონდიცირების სისტემები შემოვიდა, რაც ბოლო 15-წლის მაქსიმუმია. საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე აღნიშნული მონაცემი 2009 წლიდან არის ხელმისაწვდომი. 2009 წელს კი ქვეყანამ მხოლოდ 4.761 მლნ დოლარის ღირებულების კონდიციონერები იყიდა. 2023 წლის იანვარ-მაისში კი იმპორტის მოცულობამ 25.999 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლევანდელ მონაცემებთან შედარებით 28.5%-ით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ წელსაც, როგორც შარშან, კონდიციონერების მთავარი იმპორტიორი ჩინეთი იყო. აზიის ამ ქვეყნიდან 2023 წლის ხუთ თვეში 13.824 მლნ-ს ღირებულების კონდიციონერები ვიყიდეთ, მიმდინარე წელს კი 19.483 მლნ-ის. შესაბამისად, გამოდის, რომ 2023 წელს მთლიან იმპორტში ჩინეთის წილი 53% იყო, წელს კი ეს მაჩვენებელი 58.3%-მდე გაიზარდა.

გარდა ჩინეთისა, 2024 წლის ხუთ თვეში საქართველომ კონდიციონერები ძირითადად შემდეგ ქვეყნებში იყიდა:

თურქეთი - 4.616 მლნ დოლარი

სინგაპური - 3.978 მლნ დოლარი

ჰონგ-კონგი - 1.756 მლნ დოლარი

ტაილანდი - 871.5 ათასი დოლარი

ამასთან, შედარებით მცირე მოცულობის იმპორტი განხორციელდა - იტალიიდან, სამხრეთ კორეიდან, რუსეთიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან და ა.შ.