რუსეთის ცენტრალური ბანკი მოსკოვის ბირჟაზე იუანში ვაჭრობის შეწყვეტას განიხილავს

რუსეთის ცენტრალური ბანკი დოლარისა და ევროს შემდეგ იუანში ვაჭრობის შესაძლო შეჩერების რისკებს ითვალისწინებს. ამის შესახებ ბანკის ხელმძღვანელმა, ელვირა ნაბიულინამ ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, ემუქრება თუ არა საფრთხე იუანით ვაჭრობას, ნაბიულინა პასუხობს, რომ ცენტრალური ბანკი ”ყველა რისკს ითვალისწინებს.” მისი თქმით, რუსეთის სრული ფინანსური იზოლაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მსოფლიო ბაზარი რუსული საქონლის შესყიდვას მთლიანად შეწყვეტს.

ცნობისთვის: 13 ივნისს მოსკოვის ბირჟამ დოლარსა და ევროში ოპერაციები მას შემდეგ შეაჩერა, რაც ის თავის ძირითად საანგარიშსწორებო სტრუქტურებთან, ეროვნულ კლირინგ ცენტრთან და ანგარიშსწორების ეროვნულ დეპოზიტართან ერთად აშშ-ის ხაზინამ შავ სიაში შეიყვანა. მსოფლიოს ძირითად ვალუტებში ვაჭრობა მხოლოდ გაუმჭვირვალე არასაბირჟო ბაზარზე ხდება, რომელსაც ცენტრალური ბანკი ოფიციალური განაკვეთების დასადგენად იყენებს.

ნაბიულინა აღიარებს, რომ ტრანსსასაზღვრო გადახდებში „სიტუაცია გართულდა,“ რადგან წლის დასაწყისიდან უცხოური, მათ შორის, „მეგობრული“ ქვეყნების ბანკები ამერიკული სანქციების რისკის გამო რუსეთთან ანგარიშსწორებას მასიურად ბლოკავენ.

„პირველ რიგში, ამაზე ექსპორტიორები საუბრობენ. ბიზნესი ეძებს გადაწყვეტილებებს და ადაპტირებას ცდილობს. ჩვენ მათ ვეხმარებით, როგორც შეგვიძლია,“ - აცხადებს ნაბიულინა.

მისი თქმით, გადახდებთან დაკავშირებული პრობლემები ტრანზაქციების დაგვიანებებს ზრდის და შედეგად იმპორტირებული საქონელი ძვირდება, ეს კი ეკონომიკისთვის ინფლაციის შემდგომი აჩქარების პირობაა, რომელიც, “როსსტატის” თანახმად, უკვე 16-თვიან მაქსიმუმზეა და რამაც ივნისის ბოლოს 9,22%-ს მიაღწია.

„პროინფლაციური რისკები არამარტო გაიზარდა, არამედ განხორციელდა,“ - ამბობს ნაბიულინა და დასძენს, რომ ივლისის უახლოეს შეხვედრაზე ცენტრალური ბანკი ძირითადი განაკვეთის ახალ ზრდას განიხილავს. ამჟამად განაკვეთი 16%-ს შეადგენს, რაც უკრაინის ომის პირველი თვეების შემდეგ ისედაც ყველაზე მაღალი დონეა.

ივნისში Bloomberg მარეგულირებელთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკი უკვე ემზადება სცენარისთვის, რომელიც საფონდო ბირჟაზე ჩინურ ვალუტაში ვაჭრობის შეწყვიტას ითვალისწინებს. წყარო ვარაუდობს, რომ ჩინური ბანკები მოსკოვის ბირჟასთან თანამშრომლობას თანდათან შეწყვეტენ, თუმცა ჩინეთიდან იმპორტის საფასურის გადასახდელად რუსეთის ეკონომიკისთვის იუანის მიწოდებას გააგრძელებენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ