საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, გარემოზე ზრუნვას და მწვანე მიმართულებით ახალი პროექტების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „აისბერგ თბილისი“ მზის პანელებს დაამონტაჟებს.
„აისბერგ თბილისი“ წარმოადგენს სამაცივრე სასაწყობე მეურნეობას, რომლის წლიური დანახარჯების უდიდესი წილი ელ.ენეგიის ღირებულებაზე მოდის.
პროექტის ჯამური ღირებულება 220 ათასი ევროა და ის საქართველოს ბანკისა და ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ სუბსიდირებული ფინანსური რესურსით ხორციელდება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, „აისბერგ თბილისის“ ტერიტორიაზე, 500 კვტ. დადგმული სიმძლავრის TRINA SOLARIS მზის პანელები დამონტაჟდება, ჯამში 760 ერთეული. მზის სადგური წლიურად დაახლოებით 740 000 კვტ/სთ ენერგიას (საერთო მოხმარების დაახლოებით 20%) გამოიმუშავებს, რაც კომპანიას 200 000 ლარამდე დაუზოგავს.
კონტრაქტორ კომპანიას საქართველოს ბაზარზე ახლად შემოსული კომპანია „სოლენე 2024“ წარმოადგენს, რომელიც არის ბულგარული კომპანიის „BB BUILDING” LTD-ს წარმომადგენელი ამიერკავკასიაში. მას გააჩნია ევროპულ ბაზარზე მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. „აისბერგ თბილისი“ კი არის მათი პირველი პროექტი საქართველოში.
„საქართველოს ბანკისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, გარემოზე ზრუნვა და მწვანე მიმართულება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, წლების განმავლობაში, ამ მიმართულების გაძლიერებისთვის, არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა კიდევ ერთმა პარტნიორმა კომპანია „აისბერგ თბილისმა“ ენერგიის ალტერნატიულ წყაროზე გადასვლის ახალი პროექტი წამოიწყო, რომელიც საწარმოს მზის პანელებით აღჭურვას გულისხმობს. ენერგიის ალტერნატიულ საშუალებების გამოყენება ერთის მხრივ შეამცირებს გარემოზე ზიანს, ხოლო მეორეს მხრივ - კომპანიას მნიშვნელოვნად შეუმცირებს ხარჯებს. წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას, ჩვენ ამით არ ვჩერდებით და აქტიურად განვაგრძობთ მწვანე მიმართულებით ბიზნესების მხარდაჭერას“, – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.
(R)