ივლისიდან, ვარშავის ტერიტორიის 7%-ზე გარკვეული ავტომობილებისთვის შესვლა აიკრძალა

ვარშავაში 1 ივლისს “დაბალი ემისიის ზონა” გაიხსნა, რომელიც ქალაქის ტერიტორიის 7%-ს მოიცავს. მასში 18 წელზე მეტი ხნის დიზელისა და 27 წელზე მეტი ხნის ბენზინის ავტომობილებისთვის შესვლა აკრძალულია.

ადგილობრივ მოსახლეობაზე ახალი წესები 2028 წლის იანვრამდე არ გავრცელდება. თუმცა დროთა განმავლობაში შეზღუდვა უფრო გამკაცრდება და უფრო მეტ დამაბინძურებელ ავტომობილს შეეხება. შედეგად, 2032 წლისთვის ვარშავის ცენტრში 11 წელზე მეტი ხნის დიზელისა და 17 წელზე მეტი ხნის ბენზინის ავტომობილების მოძრაობა აიკრძალება.

მერიის გაანგარიშებით, შეზღუდვები მომდევნო ათწლეულის დასაწყისში აზოტის ოქსიდის (NOx) ემისიების 11%-ით, ხოლო მყარ ნაწილაკთა (PM) ემისიების 20%-ით შემცირებას შეუწყობს ხელს.

ევროკავშირში სითბური გაზების ემისიების მეოთხედს ტრანსპორტის წილი შეადგენს, რომელშიც ავტომობილებს 70% უკავია. ინიციატივა ხელს შეუწყობს მიზნის მიღწევას, რომ 2050 წლისთვის ევროპის სითბური გაზების გამონაბოლქვი საკმარისად შემცირდეს და მათი მთლიანი მოცულობა ბუნებამ შთანთქას.

ცნობისთვის: 2025 წელს სტოკჰოლმის ცენტრში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების შესვლა სრულად აიკრძალება. ანალოგიური შეზღუდვა კოპენჰაგენში 2030 წლიდან ამოქმედდება, ხოლო მადრიდში არაეკოლოგიური ავტომობილების ცენტრში გადაადგილება მიმდინარე წელს უკვე აიკრძალა.

2035 წლისთვის ევროკავშირში ყველა ახალი ავტომობილი სითბური გაზების ნულოვანი გამონაბოლქვით უნდა მუშაობდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ემისიების მთლიანი რაოდენობა იმ მოცულობას არ გასცდება, რომელიც მთლიანად ბუნებრივად, მაგალითად, ხეების საშუალებით გაიწოვება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ