„ყოველწლიურად 1200-ზე მეტით იზრდება მეზღვაურთა რიგები“ - რომელია მაღალანაზღაურებადი საზღვაო პროფესიები

საქართველოში 18 500 მეზღვაურია რეგისტრირებულია, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ყოველწლიურად 1200-ზე მეტი დასაქმებულით ივსება ქართველი მეზღვაურების რიგები. სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, საზღვაო პროფესიებზე (საზღვაო ნავიგაცია, გემის მექანიკა, ელექტრომექანიკა, ნავსადგურებისა და სატრანსპორტო ტერმინალების ექსპლუატაცია) მოთხოვნა 12%-ით არის გაზრდილი.

სააგენტოს მიერ აღიარებული საკრუინგო კომპანიების მონაცემების მიხედვით რეგისტრირებული მეზღვაურების ასაკობრივი გადანაწილება ასეთია:

  • 20-29 – 35%;
  • 30-39 – 37%;
  • 40-49 – 17%;
  • 50-59 – 7%;
  • 60-69 – 3%.

„ბოლო წლებში ქართველ მეზღვაურებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზრდილია და ეს შედეგი მოიტანა მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების სისტემის გამართულმა მუშაობამ. საქართველო სრულად აკმაყოფილებს მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირების და ვახტის გაწევის შესახებ (STCW) კონვენციის მოთხოვნებს“, - აღნიშნეს სააგენტოში.

მათივე ცნობით, მეზღვაურის საშუალო ანაზღაურება, პოზიციების მიხედვით, 2 000 აშშ დოლარიდან 11 000 აშშ დოლარამდე მერყეობს. სააგენტოში განმარტეს, რომელიც მაღალანაზღაურებადი საზღვაო პროფესიები.

„უმაღლეს საზღვაო განათლებასთან ერთად ყურადღება ექცევა პროფესიული განათლების განვითარებას და პოპულარიზაციას. შედეგად, ფართოვდება მაღალანაზღაურებადი საზღვაო პროფესიების ჩამონათვალი, როგორიცაა: შემდუღებელი, ასევე, საკრუიზო გემებზე მზარეული, მიმტანის პოზიციები და სხვა“, - განგვიცხადეს სააგენტოში.

სააგენტოს მიერ ჩვენი კითხვების საპასუხოდ მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ „საქართველოს მიერ გაცემული სერტიფიკატებით შესაძლებელია 74 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტში დასაქმება, რაც საკმაოდ კომფორტულია მსხვილი გემთმფლობელებისთვის და ზრდის დასაქმების მაჩვენებელს“.

„საქართველო შავი ზღვის რეგიონში ლიდერი საზღვაო ქვეყანა გახდა, იმ თვალსაზრისით, რომ სანაპირო ნაოსნობაში ჩართული ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატებს შავი ზღვის ოთხი ქვეყანა: თურქეთი, რუმინეთი, უკრაინა და ბულგარეთი აღიარებს. ამ ქვეყნების მიერ სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატების აღიარება ზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებსა და არეალს შავი ზღვის რეგიონში.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში სერტიფიცირებულ მეზღვაურებს, რომლებსაც უფლება ჰქონდათ მხოლოდ საქართველოს სანაპირო ზოლიდან 50 მილზე ჩართულ მცურავ საშუალებებზე დასაქმებულიყვნენ, უკვე შეუძლიათ თურქეთის, რუმინეთის, უკრაინისა და ბულგარეთის სანაპირო ნაოსნობაში ჩართულ გემებზეც დასაქმდნენ და თითქმის მთლიანად მოიცვან შავი ზღვის აუზი“, - აღნიშნავენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

მერი ტაბატაძე