ხელფასის 100-150%-იანი მატებაც გვქონია, მაგრამ ევროპულ ხელფასებს მაინც ვერ ვეწევით - ჰოტელიერი კადრების დეფიციტზე

„ხელფასის 100-150%-იანი მატებაც გვქონია, მაგრამ მაინც ვერ ვეწევით ევროპულ ხელფასებს,“ - ამის შესახებ ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ კადრების დეფიციტზე საუბრისას განაცხადა, რაც ბოლო პერიოდში კერძო სექტორისთვის ფაქტობრივად გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

„ტურიზმის სფერომ დაგვანახა, რომ ის არც ისე სტაბილური სფერო არ არის. კადრების გადინებას იწვევს რამდენიმე მიზეზი: ან გადადიან სხვა სფეროში, ან საერთოდაც უცხოეთში მიდიან სამუშაოდ, სადაც ორმაგი ანაზღაურება აქვთ.

ხელფასის 100-150%-იანი მატებაც გვქონია, მაგრამ მაინც ვერ ვეწევით ევროპულ ხელფასებს. კადრები, რომლებიც ნამდვილად პროფესიონალები არიან, სხვა ქვეყნებში წავიდნენ.

ამ შემთხვევაში ჩვენ ხელს გვიშლის არასტაბილური ტურისტული სეზონები და მასთან არსებული პრობლემები. მაგალითად, ზამთარში, გუდაურამდე მისასვლელი გზა გამართული უნდა იყოს და წყალიც უნდა მოდიოდეს. თოვლი თუ არ მოვა, ამას ვერაფერს ვუზამთ, მაგრამ რაც შესაძლებელია, უნდა გაკეთდეს“ - აღნიშნავს ჰოტელიერი.

ის აღნიშნავს, რომ სულ უფრო ცოტაა მსურველი, რომ იმუშაოს და ისწავლოს და ხშირია შემთხვევებიც, რომ თვეების მანძილზე გადამზადებული კადრი უცხოეთში მიდის სამუშაოდ და ორმაგ ანაზღაურებას იღებს.

ეკა დარჩიაშვილი