„ნენსკრა“, „ხუდონი“ და „ნამახვანი“ უნდა აშენდეს - მცირე და საშუალო ჰესებს ხელი უნდა შევუწყოთ - მაია მელიქიძე

განახლებად ენერგიებზე გადასვლა ბოლო პერიოდში აქტუალური საკითხია არაერთ ქვეყანაში, დავინტერესდით, საქართველოს რომელი განახლებადი ენერგიის ათვისების პოტენციალი აქვს და ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ მაია მელიქიძეს ვესაუბრეთ.

მელიქიძის განცხადებით, ქვეყანაში ყველაზე უკეთ ამ ეტაპზე ჰიდრო მიმართულებით განვითარების პოტენციალი აქვს. მისი თქმით, საქართველოს მდიდარია ჰიდრო რესურსებით და ამავდროულად ამ მიმართულებით ას წელზე მეტი გამოცილება აქვს.

მელიქიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნავს, რომ ჰიდრო რესურსები კიდევ უნდა განვითარდეს და მცირე და საშუალო ჰესების ხელშეწყობა უფრო მეტად უნდა მოხდეს. მისი თქმით, საჭიროა, რომ სამი მსხვილი ჰესი: „ნენსკრა“, „ხუდონი“ და „ნამახვანი“ აშენდეს.

„ჩვენ ძალიან მდიდარი ვართ ჰიდრო რესურსით. ას წელიწადზე მეტის გამოცდილება გვაქვს ელექტროენერგიის გენერაციისა ჰიდროს წყაროებიდან. პირდაპირ ვიტყვი, რომ მცირე და საშუალო ჰესების ხელშეწყობა კიდევ უფრო უნდა მოხდეს და ის სამი მსხვილი ჰესი: „ნენსკრა“, „ხუდონი“ და „ნამახვანი“ უნდა აშენდეს - აუცილებლად გვჭირდება“, - აცხადებს მელიქიძე.

მელიქიძემ ისაუბრა ქარის სადგურების შესახებ და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ქვეყნის განვითარება. მისი თქმით, ქარის სადგურების მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება ზამთრის პერიოდში, როცა საკმარისი წყალი არ არის ჰიდრო სადგურებისთვის, ვერ გენერირდება დენი და ელექტროენერგიის იმპორტი ხორციელდება.

„რაც შეეხება მზეს და ქარს, ბევრ ქვეყანაში არის სერიოზულად წახალისებული, საქართველოში მხოლოდ ერთი ქარის ელექტროსადგური გვაქვს და ვისურვებდი, რომ ბევრი გვქონდეს და ავხსნი რატომაც: ქარის ენერგიის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდში. იმიტომ რომ ზამთარში უფრო აქტიურია ქარი, ვიდრე ზაფხულის პერიოდში.

გვაქვს პიკური პერიოდი ზამთარში, როცა დიდი რაოდენობით ხდება ელექტროენერგიის მოხმარება. პიკურ პერიოდში ვრთავთ თბოელექტროსადგურებს, რომელიც მუშაობს გაზზე, გაზი არის იმპორტირებული და ასევე, არ არის განახლებადი ენერგია, ამიტომ, ამ დროს ქარი გვჭირდება, რომ ზამთარში საკმარისი დენი დაგენერირდეს. ამ ნაწილში გვჭირდება დამაგროვებლები, რომ როდესაც გენერირდება ელექტროენერგია, დავაგროვოთ ეს და გამოვიყენოთ პიკურ პერიოდში“, - განაცხადა მელიქიძემ.

ცნობისთვის, ზემოთ აღნიშნული ელექტროენერგიის დამაგროვებლების სისტემის მოწყობა საქართველოში პირველად იგეგმება. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტების განცხადებით, პროექტი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზეა. მათივე ცნობით, ექსპლუატაციასი შესვლა 2026 წელს არის დაგეგმილი.

იხილეთ ასევე: საქართველოში ელექტროენერგიის პირველი დამაგროვებლების მშენებლობა იგეგმება

როდის აშენდება პირველი ელექტროენერგიის დამაგროვებელი სისტემა

მერი ტაბატაძე