რატომ აშენდა მზის ელექტროსადგური ტბაში და არა მიწაზე - „კუნძულოვანია და ჩართული არ არის ქსელში“

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლემშვენიერაში მიმდინარე 23 აპრილს, საქართველოში პირველი 216 კვტ. სიმძლავრის მზის მოტივტივე ელექტროსადგური გაიხსნა. განხორციელებული საპილოტე პროექტის მიერ ყოველწლიურად გამომუშავებული ენერგია 300 000 კვტ.სთ-ს აღწევს, რაც ხარჯებს, წლიურად, 32 400 აშშ დოლარით შეამცირებს.

გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აშენდა აღნიშნული მზის ელექტროსადგური ტბაზე და არა მიწაზე. კითხვით „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ აღმასრულებელ დირექტორ მაია მელიქიძეს მივმართეთ.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მელიქიძე აღნიშნავს, ტბასთან, რომელშიც მზის პანელები დამონტაჟდა, განთავსებულია სასოფლო-სამეურნეო ბაღები, რომლებიც საჭიროებდა მორწყვას. ირიგაციისთვის საჭირო იყო დენი, რაც ადგილზე არ იყო და საჭიროება ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას.

„ტერიტორიაზე არის ერთი ტბა და გარშემო ბაღები. ამ ბაღებს სჭირდებოდა მორწყვა. ბაღების მორწყვისთვის აუცილებელი იყო ელექტროენერგიის ხაზების მიყვანა. ახლა არის კუნძულოვანი, ჩართული არ არის ქსელში, აგენერირებს ელექტროენერგიას მზის ენერგიით და შემდეგ უკვე ტუმბავს წყალს“, - აცხადებს მაია მელიქიძე.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ მზის პირველი მოტივტივე ელექტროსადგური აშენებულიყო ტბაზე. ამას ექნებოდა ორი ფუნქცია: დააგენერირებდა დენს და შემდეგ უკვე ამოტუმბავდა წყალს ირიგაციისთვის.

„გენერირდება ელექტროენერგია მზის ენერგიით, შემდეგ ხდება ამოტუმბვა წყლის საჭირო რაოდენობის და ხდება მორწყვა გარშემო ტერიტორიაზე მყოფი ბაღების. ეს მოტივტივე ელექტროსადგური არის პირველი საქართველოში. მაგრამ არის სხვა ტიპის პროექტები, რომლებიც ჯერ მშენებარე მდგომარეობაშია და იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში დამთავრდება“, - აღნიშნა მელიქიძემ.

იხილეთ ასევე: საქართველოში პირველი მოტივტივე მზის ელექტროსადგური გაიხსნა

საქართველოში მეორე მოტივტივე მზის ელექტროსადგური აშენდება

ალგეთისა და დალის წყალსაცავებზე შესაძლოა, მზის მოტივტივე ელექტროსადგურები აშენდეს

მერი ტაბატაძე