თბილისის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი ტექნიკური სამუშაოების გამო დროებით წყვეტს საქმიანობას

თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 8 ივლისიდან დროებით წყვეტს საქმიანობას მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოქალაქეები შესაბამის მომსახურებას კონკრეტული მიმართულებების მიხედვით მიიღებენ რამდენიმე რაიონულ სერვის ცენტრში. კერძოდ:

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, არქიტექტურის სამსახურის, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეები მომსახურებას მიიღებენ კოსტავას N72-ში.

რაც შეეხება ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურების, ასევე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს კომპეტენციაში არსებულ საკითხებს, მოქალაქეები შესაბამის მომსახურებას მიიღებენ ვაკის რაიონულ სერვის ცენტრში, მისამართზე - თამარაშვილის N10ა და საბურთალოს რაიონულ სერვის ცენტრში, მისამართზე - მიცკევიჩის N20. ააიპ „ჩემი ადვოკატი“ მოქალაქეებს მოემსახურება ყველა რაიონულ სერვის ცენტრში.