სემეკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფინალური შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფინალის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება მწვანე ინჟინერიის ცენტრში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ პროექტში მონაწილე მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, მცხეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის, სემეკის წარმომადგენლები, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, გოჩა ქავთარაძე.

პროექტი „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და სემეკის მხარდაჭერით 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - მუხრანის, ახალდაბისა და წეროვანის, ასევე ქ. მცხეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები.

„სემეკი დაინტერესებულია და ხელს უწყობს სკოლის მოსწავლეების ცოდნისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ენერგეტიკის საკითხებზე. ვგეგმავთ, რომ პროექტი „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ განვახორციელოთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც“, - განაცხადა დავით ნარმანიამ სკოლის მოსწავლეებთან ფინალური შეხვედრისას.

პროექტი „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ რამდენიმე ეტაპად წარიმართა, მონაწილე სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგები ელექტროენერგიის წარმოების სრული ციკლის შესახებ, რომლის საფუძველზეც მათ მიერ შექმნილი ნამუშევრებიდან 15 გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდა. პროექტის საზაფხულო სკოლის ფარგლებში, გამარჯვებული მოსწავლეები ეწვივნენ სხვადასხვა საკვანძო ენერგეტიკულ ობიექტს, ასევე მწვანე ინჟინერიის ცენტრში გამართული ფინალური შეხვედრის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი განახლებადი ენერგიის მნიშვნელობისა და მისი გამოყენების ტექნოლოგიების შესახებ.

პროექტის ფარგლებში გამარჯვებულ 15 მოსწავლეს პერსონალური და პორტატული კომპიუტერები გადაეცა.

NS