საზღვარზე 30 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის შემოტანის შემთხვევებზე კონტროლი მკაცრდება

საზღვარზე 30 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის შემოტანის შემთხვევებზე, საიდენტიფიკაციო პირთა წრე ფართოვდება.

ამ მხრივ იზრდება შემოსავლების სამსახურის ფუნქცია. "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" მოქმედი კანონის გათვალისწინებით, საზღვარზე 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ნაღდი ფულის - ეროვნული და უცხოური ვალუტების, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების შემოტანისას, შემოსავლების სამსახური ვალდებულია გადამაადგილებელი ფიზიკური პირების იდენტიფიკაცია განახორციელოს.

ამ მხრივ კანონში დაგეგმილია ცვლილებები, რომლის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური ვალდებული იქნება ფიზიკური პირების იდენტიფიცირების გარდა, კონტროლი იურიდიულ პირებზეც განახორციელოს, ასევე მათ შემოწმებას დაექვემდებარებიან პირები, ვინც 30 000 ლარზე მეტი ნაღდი ფულის თუ ფასიანი ქაღალდების მიმღები ან გამგზავნი არიან.

საკითხი განსახილველად პარლამენტს ფინანსთა სამინისტრომ წარუდგინა.

ნათია ინაური