სტიქიის შედეგად თბილისისთვის მიყენებულ ზარალს მსოფლიო ბანკის ექსპერტები შეაფასებენ

სტიქიის შედეგად თბილისისთვის მიყენებული ზარალის შეფასებაში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან. როგორც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მიზნით მსოფლიო ბანკი ექსპერტებს გამოყოფს. "ზარალის სავარაუდო ოდენობა დიდია, მაგრამ ვფიქრობ, სწორი იქნება დაიდოს ზუსტი შეფასება. ამ შეფასების გაკეთებაში ჩვენ უკვე მივიღეთ წერილი, რომ დაგვეხმარება მსოფლიო ბანკი. ის გამოყოფს ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც ზარალის შეფასებაში ჩაერთვება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება ვერეს ხეობის ახლებურად დაგეგმარების მიზნით შექმნილ სახელმწიფო კომისიას, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ის პირველ შეხვედრას დღეს გამართავს. "დღეს არის პირველი შეხვედრა. საუბარია იმ ინფრასტრუქტურული ზიანის აღდგენაზე, რომელიც ქალაქმა მიიღო. ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად სწორად განვსაზღვროთ ახალი დიზაინი იმ ინფრასტრუქტურისა, რომელიც უნდა შეიქმნას. სწორედ ამ მიზნით ჩვენ მოვიწვიეთ წამყვანი სპეციალისტები, რათა როგორც გარემოს დაცვის, ისე ინფრასტრუქტურული კუთხით იქნას დადებული სწორი პროექტები. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი ზარალი მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მოახლოებულ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სტიქიის გამო ოლიმპიადის ჩატარებაში შეფერხებები არ იქნება. "რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ოლიმპიადის ობიექტებს სერიოზული ზიანი არ მიუღია. იყო მცირეოდენი დაზიანებები, მაგრამ ძალიან მცირე პერიოდში გამოსწორდება. სამუშაოები დღესაც გრძელდება. ჩემთვის რამდენადაც არის ცნობილი, შეფერხებები არ იქნება", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.