შაორის განაშენიანების გეგმაში ცვლილებები შევიდა - რა წერია დოკუმენტში?

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობის შესახებ 2019 წლის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. დოკუმენტით განსაზღვრულია შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების წესები.

კერძოდ, წინა რედაქციით განსაზღვრულ სასოფლო-სამეურნეო ზონა ერთს, რომელიც აერთიანებს აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთზე მშენებლობის წესებსა და პარამეტრებს დაემატა ერთი პუნქტი.

უფრო კონკრეტულად, ცვლილებების მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების ფუნქციონირების უზრუნველმყოფი დამხმარე შენობა ნაგებობების მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის მინიმალური ფართობი 15 000 კვ.მ.-ით განისაზღვრა.

წინა რედაქციით გათვალისწინებული ფუნქციური ზონების მოწყობის დანარჩენი წესები და პარამეტრები უცვლელი დარჩა, კერძოდ ტერიტორია დაყოფილია საცხოვრებელ და სარეკრეაციო ზონები:

1. სარეკრეაციო ზონა 1 - მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი), სადაც დასაშვებია განათების ბოძების, შადრევნების, ღია სათამაშო ან/და სპორტული მოედნების და სარეკრეაციო ზონის ფუნქციონირებისთვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობების განთავსება კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სარეკრეაციო ზონა 2 - მოიცავს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ტერიტორიებს: პარკს, ღია სათამაშო, სპორტულ მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს.

3. სარეკრეაციო ზონა 3 - მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში, სადაც დასაშვებია დასასვენებელი, სამკურნალო, სპორტული და გასართობი დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსება.

სარეკრეაციო ზონებში დასახლების განაშენიანების პირობები და პარამეტრები შემდეგნაირად განისაზღვრა:

სარეკრეაციო ზონა 1 მოიცავს დასახლების განაშენიანების რეგულირების გეგმის შემდეგ სექტორებს: №1, №2, №3, №4, № 5, №6.

სარეკრეაციო ზონა 2 მოიცავს შაორის დასახლების განაშენიანების რეგულირების გეგმის შემდეგ სექტორებს: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8. აღნიშნულ სექტორებში დასაშვებია:

  • სექტორი №1 – ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი (ერთი შენობა);
  • სექტორი №2 – იახტკლუბი (ერთი შენობა), კაფე-რესტორანი (ერთი შენობა), ნავსადგომი, ნავსადგომის ადმინისტრაცია, პირსი, სანაოსნო საწყობი;
  • სექტორი №3 – ჩოგბურთის კორტი, კალათბურთის მოედანი, სპორტული კომპლექსის ადმინისტრაცია, ტრიბუნა, სპორტული მოედნის ფუნქციონირებისთვის საჭირო დამხმარე შენობა-ნაგებობა;
  • სექტორი №4 – სპორტული დარბაზი (ერთი შენობა);
  • სექტორი №5 – საცურაო აუზი;
  • სექტორი №6 – აკვაპარკი, ატრაქციონი, აუზი;
  • სექტორი №7 – პირსი;
  • სექტორი №8 – პირსი, კაფე-რესტორანი.

რაც შეეხება სარეკრეაციო ზონა სამს, ის მოიცავს დასახლების განაშენიანების რეგულირების გეგმის №1 სექტორს, რომელშიც განაშენიანების ძირითადი პარამეტრებია:

  • მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი: კ1=0.15;
  • მაქსიმალური დასაშვები სართულიანობა – 4 სრული სართული;
  • აღნიშნულ სექტორში დასაშვებია: 80-ნომრიანი, 160-ადგილიანი სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზი.

მერი ტაბატაძე