„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ წევრ კომპანია „საქკაბელს“ საწარმოო ხაზის გაფართოებასა და ინვოვაციური პროდუქტის წარმოებას ულოცავს

„საქკაბელი“, - როგორც საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია, ინოვაციების დანერგვასა და საწარმოო ხაზის გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ ადგილობრივ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტი - ბრონირებული კაბელი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია” ავრცელებს.

მათი ცნობით, ბრონირებულ NAYBY კაბელს გამძლეობა გამოარჩევს. წარმოების პროცესში გამოყენებული ორმაგი გალვანიზებული ფოლადის/ალუმინის ბრონი უზრუნველყოფს კაბელის მედეგობას მაღალი მექანიკური დატვირთვის წერტილებში, როგორებიცაა: მიწისქვეშა კომუნიკაციები, გვირაბები, მაგისტრალები, სადინრები და სხვა.

გარდა ამისა, აღნიშნული ტიპის კაბელი აქტიურად გვხვდება ინფრასტრუქტურულ პროექტებში: აეროპორტები, რკინიგზა და საავტომობილო გზები, სადაც კაბელი უზრუნველყოფს ელექტროენერგიის უსაფრთხო და საიმედო განაწილებას.

მათივე ინფორმაციით, NAYBY კაბელი ალუმინის დენგამტარითაა დამზადებული, ხოლო NYBY კაბელი მის ანალოგს წარმოადგენს, რომლის შემთხვევაშიც დენგამტარი ძარღვი სპილენძისაა.

„გვეამაყება, რომ „საქკაბელი“ პირველია ადგილობრივ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ბრონირებულ NAYBY კაბელს სთავაზობს. აღნიშნული კაბელი მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს, ქვეყნის ინდუსტრიულ შესაძლებლობებში. სპეციალიზებული მანქანა-დანადგარებით შექმნილი პროდუქტი შეიძლება განთავსდეს როგორც შენობის შიგნით, ისე გარეთ, საკაბელო არხებში, ბეტონსა და მიწაში. კაბელის გამოყენების არეალი საკმაოდ ფართოა - იქნება ეს ქვესადგურებიდან საცხოვრებელ, კომერციულ თუ სამრეწველო ზონებში ელექტროენერგიის განაწილება; განახლებადი წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში გადაცემა/შენახვა თუ სხვ. ინოვაციებსა და მაღალ ხარისხზე ფოკუსირებით, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოში წარმოებული, ევროპული სტანდარტის პროდუქციით, საკაბელო ინდუსტრიის წინსვლასა და სიახლეების დანერგვას“ - განაცხადა „საქკაბელის“ მმართველმა დირექტორმა დავით კაპანაძემ.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, ბრონირებული კაბელი უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლებასა და ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

„ვულოცავთ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წევრ კომპანია „საქკაბელს“ ინოვაციების სისტემის დანერგვასა და საწარმოო ხაზის გაფართოებას. ბრონირებული NAYBY კაბელების გამოშვება, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია როგორც ინდუსტრიაში, ისე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. აღნიშნული უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლებასა და ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მოხარულნი ვართ „საქკაბელის“ ამ წარმატებით და დარწმუნებული ვართ, რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი გველოდება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ინფორმაციისათვის: “საქკაბელი” ქართულ ბაზარზე 1958 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს როგორც საკაბელო, ისე ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაა. აღსანიშნავია, რომ “საქკაბელის” პროდუქცია, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე, მომხმარებელთან გაგზავნამდე დეტალურ შემოწმებას ქარხანაში მოქმედ, ხარისხის კონტროლის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადის.