ამჯერად თურქული ლირა - რუსეთის სავალუტო ბაზრის “ბანქოს სახლი” ნელ-ნელა იშლება

აშშ დოლარში, ევროსა და ჰონგ-კონგის დოლარში ტრანზაქციების შეჩერების შემდეგ მოსკოვის ბირჟაზე პრობლემები თურქულ ლირასაც შეექმნა. ინფორმაციას The Moscow Times ქვეყნის უმსხვილეს არასაბანკო ბროკერ BCS-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, BCS-მ სავალუტო ბაზარზე თავისი კლიენტებისთვის ლირაში ტრანზაქციები დროებით შეაჩერა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება მოსკოვის ბირჟის მთავარი ანგარიშსწორების შვილობილი სტრუქტურის, ეროვნული კლირინგ-ცენტრის დასანქცირებას უკავშირდება, რომელიც ყველა ტრანზაქციის რეგისტრაციაზე არის პასუხისმგებელი. სანქციების გამო ვალუტის ჩარიცხვა-გატანის, ასევე, ლირას გარიგებებში ანგარიშსწორების დრო გაიზარდა.

ლირასთან პრობლემები რუსულმა საინვესტიციო კომპანია Finam-მაც დაადასტურა, რომლითაც ბირჟა 2018 წლიდან ვაჭრობდა. Finam უახლოეს მომავალში სიტუაციას გააანალიზებს და არ გამორიცხავს, ​​რომ ისიც იძულებული გახდეს, ლირაში ვაჭრობა შეწყვიტოს.

ლირაში ტრანზაქციების მოცულობა, რომელმაც გასულ წელს რეკორდულ მაჩვენებელს, თვეში 50 მლრდ რუბლს (555,2 მლნ დოლარს) მიაღწია, დღეში 20-30 მლნ რუბლამდე (222-333 ათას დოლარამდე) შემცირდა. Deutsche Welle (DW) ერთ-ერთ ლოგისტიკურ კომპანიაზე დაყრდნობით წერს, რომ თურქულმა ბანკებმა რუსეთთან ოპერაციები, თითქმის, მთლიანად შეზღუდეს. თუ რუსი იმპორტიორები გასულ წელს ლირას თურქეთიდან საქონლის საფასურის გადასახდელად იყენებდნენ, ეს პრაქტიკა იმავე გასული წლის ბოლოს დასრულდა, როცა აშშ-ის ფინანსური სანქციები გამკაცრდა. DW-ის წყაროს შეფასებით, ამჟამად თურქულ ბანკებს მეორადი ზომების ეშინიათ, რაც სანქციებს სასანქციო რეჟიმის დარღვევის გამო ითვალისწინებს.

მოსკოვის ბირჟას აშშ-ის მიერ მისი დასანქცირების შემდეგ ჩინური ბანკებიც ტოვებენ, რომლებიც რუსეთთან მუშაობას განაგრძობენ და იუანში ვაჭრობის მთავარი მოთამაშეები არიან. ამის შესახებ ახლახან საფონდო ბირჟის სტატისტიკაზე დაყრდნობით რუსული „კომერსანტი“ წერდა. კერძოდ, ჩინეთის ვალუტით ვაჭრობაში გარიგებების საშუალო მაჩვენებელი, მაისთან შედარებით, ივნისში 14%-ით, 1,89 მლნ რუბლამდე (21,590 დოლარამდე) შემცირდა, რაც 2023 წლის თებერვლიდან ყველაზე დაბალი დონეა. ამასთან, მკვეთრად გაიზარდა იუანის არასაბირჟო ბაზრის ბრუნვა და ივნისში, მაისთან შედარებით, 27%-ით მეტი, ანუ 1,98 ტრლნ რუბლის (22,6 მლრდ დოლარის) ღირებულების გარიგებები დაიდო. ასევე, შიდა დღიურ ბრუნვაში სამგზის რეკორდი დაფიქსირდა, რამაც დღეში 200 მლრდ რუბლს (2,3 მლრდ დოლარს) გადააჭარბა.

ეს ნიშნავს, რომ დოლარისა და ევროს შემდეგ, რომლებშიც ვაჭრობა 13 ივნისს შეწყდა, სავაჭრო ბირჟას იუანის ნაკადიც ტოვებს და არასაბირჟო ბაზარზე გადადის, ის ნაკადი, რომელიც რუსეთში ჩინეთში გაყიდული ნავთობისთვის მიედინება. ივნისის ბოლოს რუსულმა საბროკერო კომპანია „სინარამ“ და Sberbank CIB-მა, რომელიც უმსხვილესი რუსული სახელმწიფო ბანკის საინვესტიციო შვილობილი კომპანიაა, მოსკოვის ბირჟიდან იუანის გატანის პრობლემების შესახებ განაცხადეს. ჩინურ ვალუტასთან ტრანზაქციებში დამატებითი სირთულეები Вank of China-ს მიერ სანქცირებულ რუსულ ბანკებთან მუშაობის შეწყვეტამ გამოიწვია. „კომერსანტის“ სარისკო სცენარით, იუანით ვაჭრობა შესაძლოა, მთლიანად არასაბირჟო ბაზარზე გადავიდეს.

Bloomberg-ს რუსეთის ცენტრალურ ბანკთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, რომ ბანკი უკვე ემზადება სცენარისთვის, როცა იუანში სავალუტო ვაჭრობა უნდა შეწყდეს, როგორც ეს დოლართან და ევროსთან დაკავშირებით მოხდა.

ცნობისთვის: 12 ივნისს აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (Office of Foreign Assets Control-OFAC), რომელიც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციების აღსრულების განყოფილებაა, მოსკოვის ბირჟისა და მის ჯგუფში შემავალი ეროვნული კლირინგ-ცენტრისა და ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების დაწესებიდან მალევე მოსკოვის ბირჟამ გამოაცხადა, რომ 13 ივნისიდან დოლარსა და ევროში ვაჭრობას წყვეტდა. მოგვიანებით რუსეთის ბანკმა გადაწყვეტილება ჰონგ-კონგის დოლართან ვაჭრობის შეჩერების შესახებაც გამოაცხადა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ