სახალხო დამცველმა სტიქიური შედეგების სალიკვიდაციოდ 50 ათასი ლარი გამოყო

სახალხო დამცველის აპარატმა სტიქიური შედეგების სალიკვიდაციოდ 50 ათას ლარი გამოყო.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს 2015 წლის 13 ივნისის ღამეს თბილისში სტიქიური უბედურების შედეგად გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გამოსწორებისა და დაზარალებულთა დახმარების საქმეში.

"შესაბამისად, სახალხო დამცველმა ცვლილებები შეიტანა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2015 წლის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაში და 19 ივნისს წერილობით სთხოვა საქართველოს ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს, სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნება - 50 ათასი ლარის ოდენობით, მიმართოს სახელმწიფო ხაზინაში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. სახალხო დამცველი მიესალმება სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად საზოგადოების კონსოლიდირებულ ძალისხმევას, გამოხატულ სოლიდარობას და იმედოვნებს, რომ ბიზნესსექტორი საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების გათვალისწინებით, კიდევ მეტად გაააქტიურებს მცდელობებს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად", - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.