კვლევითი ორგანიზაცია Gnomon Wise-ი საქართველოში ეკონომიკის ზრდის მიზეზებთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იანვარ-მაისში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი, წლის დასაწყისში არსებულ პროგნოზებს თითქმის ორჯერ აღემატება.
კვლევის მიხედვით, მიმდინარე წელს ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი, უმეტესად ადგილობრივი ფინანსური ნაკადების შედეგია, კერძოდ, 2024 წლის პირველ ხუთ თვეში საფინანსო სისტემის მიერ დაკრედიტების ტემპი მკვეთრად გაიზარდა.
„მიმდინარე წელს ეკონომიკის გაფართოების მაღალი ტემპი, დიდწილად, ადგილობრივი ფინანსური ნაკადების შედეგია, კერძოდ - საფინანსო სისტემის მიერ დაკრედიტების ტემპის მკვეთრი მატების“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
კვლევის მიხედვით, ეროვნულმა ბანკმა გასული წლიდან მოყოლებული რეფინანსირების განაკვეთი რამდენჯერმე შეამცირა. 2023 წლის მაისიდან მიმდინარე პერიოდამდე განაკვეთი 11%-დან 8%-მდე შემცირდა. კვლევის ავტორის, ეგნატე შამუგიას შეფასებით, საბოლოოდ, მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი შემსუბუქება დაკრედიტების მკვეთრ ზრდაზე აისახა.
„შედეგად, 2023 წლის მიწურულიდან, აჩქარდა კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობის მატების ტემპი. მაგალითად, 2024 წლის მაისში სესხების მოცულობის წლიურმა ზრდამ 23.4% შეადგინა. 2023 წლის ამავე პერიოდში ზრდის ტემპი 6% იყო. წინა თვეებში დაკრედიტების ტემპი უფრო დაბალ ნიშნულზე იყო“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
კვლევაში აღნიშნულია, რომ დაკრედიტების გაფართოებას, მოკლევადიან პერსპექტივაში, ეკონომიკისა და დასაქმების დროებითი ზრდა მოჰყვება, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში იგივე შედეგი არ გააჩნია.