საკურას რეკორდული სიგრძის ხეივანი, უსაფრთხო ზიპლაინი - რა გეგმები აქვს „დაკარგული სამოთხის“ ავტორს რაჭა-ლეჩხუმში

მსოფლიოში საკურას ყველაზე გრძელი ხეივანი, საქართველოში, კერძოდ, ჯონოულის ხეობაში იქნება. ამის შესახებ bpn-ს „დაკარგული სამოთხის“ ავტორი ლექსო ჩარკვიანი ესაუბრა.

მისი თქმით, წამოწყებას მოხალისეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეუერთდნენ და აპრილში, საკურას გაშენება 1,5 კილომეტრზე უკვე მოხერხდა. საბოლოოდ, კი როგორც ლექსო ჩარკვიანი ამბობს, სავარაუდოდ, შემოდგომაზე, ხეივანი 5 კილომეტრს დაფარავს, რითაც რეკორდული შედეგი დაიდება, რადგან ამ დროისთვის საკურას ყველაზე გრძელი ხეივანი იაპონიაშია.

გარდა ამისა, „დაკარგული სამოთხის“ ავტორს უკვე მოძიებული აქვს კომპანიები, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველზე უსაფრთხო ზიპლაინზე მუშაობენ. როგორც ლექსო ჩარკვიანი ამბობს, პროექტს დაახლოებით, 340 000 აშშ დოლარი სჭირდება, თუმცა ამის გაკეთების რესურსი მხოლოდ კერძო ინვესტორების ხელშია.

აღსანიშნავია, რომ ლექსო ჩარკვიანი bpn-ის მკითხველმა რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ისევე როგორც საკურას ხეივანი, რაჭა-ლეჩხუმში მიტოვებული სახლების მეპატრონეებისა და ახალი მყიდველების პოვნა, სწორედ მისი მოხალისეობრივი წამოწყება იყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 100-მდე ოჯახი რაჭა-ლეჩხუმში დასახლდა.

„ეს კამპანია 3 აპრილს დავიწყე, ერთი თვით ადრე დავაანონსე „ფეისბუკ“ გვერდზე, უამრავი ხალხი იყო მოსული, კახეთიდან, ხულოდან, ბორჯომიდან. ეს იქნება საკურას ყველაზე გრძელი ხეივანი, 5 კილომეტრის სიგრძის. პირველი 1,5 კილომეტრი უკვე გავაკეთეთ და თუ ამინდებმა ხელი შეგვიწყო, შემოდგომისთვის, ვფიქრობ, დავასრულებთ ბოლომდე. სრულიად ენთუზიაზმით კეთდება ეს ყველაფერი. კი მჭირდებოდა ტექნიკა, მაგრამ თვითონ ლეჩხუმის მკვიდრებმა სატვირთო მანქანები, ტექნიკა, 3 ტრაქტორი მომიყვანეს, ძალიან დამიდგნენ გვერდით.

432941149-807085971445343-8461328189907819396-n-1720439187.jpg

რაც შეეხება თვითონ მცენარეს, მინდოდა ისეთი რამე გამეკეთებინა, რაც საინტერესო გამოვიდოდა. იქიდან გამომდინარე, რომ მე თვითონ გამომყავს ეს სახეობა, სანერგე მაქვს და ვიცოდი ეს საქმე კარგად, მოვიძიე საკურას ხეივნები, იაპონიაში არის ყველაზე გრძელი, 1,5 კილომეტრამდე და 1 თვით ადრე ჩადის ხალხი, რომ დაჯავშნონ სასტუმროები და როგორმე მის ყვავილობას დაესწრონ. 21 დღე ყვავის, სხვათა შორის. შემდეგ არის ჰოლანდიაში - 750 მეტრი და ბარსელონას შემოგარენში ყოფილა, დაახლოებით, 150 მეტრამდე. გადავწყვიტე, ყველაზე გრძელი ხეივანი საქართველოში ყოფილიყო. საკვირტე და საკალმე რესურსი მქონდა იმდენი, ვიფიქრე, რომ გავწვდები. აგვისტოში იწყება მისი მყნობა, თუ ამინდებმა შემიწყო ხელი და წვიმები არ იყო, გაზაფხულზე უკვე აყვავდება“,- ამბობს ლექსო ჩარკვიანი.

432919201-807085808112026-8527465696470183405-n-1720439220.jpg

კითხვაზე რატომ ჯონოული, „დაკარგული სამოთხის" ავტორი აღნიშნავს, რომ მისი რელიეფი და ტურისტული პოტენციალი, სრულ შესაბამისობაშია პროექტის მიზნებთან.

„აქ ისეთი მაგარი რელიეფია, უდიდესი პოტენციალი აქვს, რომ მიმზიდველი ადგილი გახდეს. ზიპლაინის სპეციალისტებს ვესაუბრე და რელიეფი ვაჩვენე, თუ ტაილანდში არის ასეთი სახის ზიპლაინი, რატომ არა ლეჩხუმში?! ხარჯთაღრიცხვაც შემიდგინეს, საკმაოდ ძვირი ჯდება, ამას მუნიციპალიტეტი ვერ გააკეთებს, უფრო კერძო ინვესტორი თუ დაინტერესდება. დაახლოებით, 340 000 დოლარი დამითვალეს, 40- კალათიანი, კილომეტრზე მეტი ხაზით. როგორც მითხრეს, 8-მდე სახეობაა ზიპლაინებში, რომელთა შორის, ყველაზე უსაფრთხოა ეს. ავსტრიიდან და თურქეთიდან მესაუბრნენ კომპანიები თარჯიმნის საშუალებით, რომ ჩამოვალთ და ჩვენ მოვაწყობთო, მაგრამ ჯერ ვერ ვნახეთ ადამიანი, ვინც ამას დააფინანსებს.

ჯონოულის ხეობის გავლის შემდეგ, საკურას ხეივანი რომ დასრულდება, მალევე არის მწვანე ტბის კომპლექსი, საკალმახეა, ამ კუთხითაც საინტერესო და მიმზიდველია ჯონოული. რელიეფი არის ძალიან სწორი და 3 წელში, ხეივანს და დაემსგავსება, ფეხით თუ ველოსიპედით სეირნობისთვის იდეალური ადგილი იქნება. რეკორდების კომისიაც ელოდება მის დასრულებას, ვნახოთ, როგორ შეაფასებს.

რაც შეეხება თანადგომას, არ შემიწუხებია არავინ თვითმმართველობაში. უბრალოდ, მივედი და ნებართვა ვითხოვე, ხეივნის გაკეთება მინდოდა, უნებართვოდ ვერ დავიწყებდი. როდესაც უკვე კამპანია დავიწყე, დილიდან იმდენი მოხალისე გამოჩნდა, მთელი მერიის აპარატი მოვიდა და ტექნიკაც დაგვახმარეს. ფიზიკურადაც თვითონ იმუშავეს. იმდენი ხალხი იყო, მე მხოლოდ ნერგების დარგვის პროცესს ვაკონტროლებდი და ძალიან ბევრი ადამიანი დამრჩა უყურადღებოდ. მაგრამ, თქვენი საშუალებით კიდე ერთხელ მინდა მათ მადლობა გადავუხადო. უკვე ელოდება ხალხი შემოდგომას. 2-3 დღე გადაბმული მუშაობა დაგვჭირდება რომ 5 კილომეტრი ბოლომდე დავფაროთ და სამონასტრო კომპლექსამდე მივიდეთ“,- ამბობს ლექსო ჩარკვიანი.

ნინი ქეთელაური