დიდი ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ (NCA) სანქცირებული რუსი ბიზნესმენის, პეტრ ავენის სახსრების კონფისკაციის მოთხოვნით პირველი სარჩელი წარადგინა.
ეს შედარებით მცირე თანხაა, თუმცა სამართალდამცავები მას „კრიმინალური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალად“ მიიჩნევენ, რადგან ბრალდებული ფულად ოპერაციებს სასანქციო რეჟიმის დარღვევით ასრულებდა.
კერძოდ, NCA-მ 1 მაისს სასამართლოს პეტრ ავენისგან 1,1 მლნ ფუნტის (1,4 მლნ დოლარის) კონფისკაციის მიზნით მიმართა. ავენის წინააღმდეგ სანქციები 2022 წლის მარტში დაწესდა, რადგან, ლონდონის მტკიცებით, ის „მხარს უჭერდა რუსეთის მთავრობას, რომელმაც უკრაინაში ომი დაიწყო.”
NCA-ის შემდგომმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ავენს ფულს (1,5 მლნ ფუნტს) მისი წარმომადგენლი, სტივენ გეითერი და ბიზნესმენის მეუღლე, ეკატერინა კოზინა უნახავდნენ. 2022 წლის მაისში მოსამართლემ ამ თანხის გაყინვის შესახებ NCA-ს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ამჯერად, ორწლიანი გამოძიების შემდეგ სააგენტო სასამართლოსგან ავენისთვის თანხის უმეტესი ნაწილის ჩამორთმევას ითხოვს, რადგან თვლის, რომ გეითერისა და კოზინას მიერ შესრულებული გადახდები დიდი ბრიტანეთის სანქციებს არღვევდა და ამ სანქციების გვერდის ავლით შესრულდა.
NCA-ს წარმომადგენლის, სტიუარტ ჰედლის ცნობით, “კანონმდებლობა აქტივების კონფისკაციას მფლობელის სანქცირების გამო არ უშვებს და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში არის მიზანშეწონილი, თუ თანხა კრიმინალურ ქმედებებს უკავშირდება.”
„ეს არის ბრიტანეთის ხელისუფლების პირველი მცდელობა, დევნა გამოაცხადოს თანხაზე, რომელსაც, მათი ვარაუდით, ანტირუსული სანქციების დარღვევით იყენებდენ. მართალია, 1.1 მლნ ფუნტი მილიარდერი ოლიგარქისთვის “ხურდა” ფულია, მაგრამ თავისი ქმედებებით NCA აგზავნის მკვეთრ სიგნალს, რომ სანქციებს დარღვევა დაუსჯელად არ დარჩება,” - აცხადებს ადვოკატირების ჯგუფ Spotlight on Corruption-ის უფროსი იურიდიული ოფიცერი, ჰელენ ტეილორი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ