„პოლიტიკა, რომელმაც მაღალი ეკონომიკური ზრდა გამოიწვია, ფასების ზრდის მიზეზი გახდება“ - Gnomon Wise

Gnomon Wise-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში ეკონომიკის ზრდა ადგილობრივი ფინანსური ნაკადების, კერძოდ, საფინანსო სისტემის მიერ დაკრედიტების ტემპის მკვეთრი მატების შედეგია. კვლევაში აღნიშნულია, რომ დაკრედიტების გაფართოებას, მოკლევადიან პერსპექტივაში, ეკონომიკისა და დასაქმების დროებითი ზრდა მოჰყვება, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ასეთი შედეგი არ გააჩნია.

კვლევაში საუბარია სამომხმარებლო ფასებზეც. უფრო კონკრეტულად, კვლევის ავტორის შეფასებით, მიმდინარე პერიოდში, ფასების არასტაბილურობის პირობებში, იზრდება გაურკვევლობა ფასებთან დაკავშირებით.

„ინფლაცია ყველაზე დიდ ტვირთად შედარებით ღარიბ მოსახლეობას აწვება, რადგან მათი შემოსავლები - სოციალური ტრანსფერები თუ ხელფასები, დიდწილად, ფიქსირებულია. ამდენად, ინფლაციით ღარიბი უმრავლესობა იბეგრება - მდიდარი უმცირესობის სასარგებლოდ“, - ვკითხულობთ კვლევაში.

Gnomon Wise-ის შეფასებით, არსებული მდგომარეობა იძლევა მაღალი ინფლაციის მოლოდინის საფუძველს და „ის პოლიტიკა, რომელმაც მიმდინარე პერიოდში მაღალი ეკონომიკური ზრდა გამოიწვია, მომავალში ფასების საერთო დონის ზრდის მაღალი ტემპის მიზეზი გახდება“.

„ინფლაციის მატება უკვე შესამჩნევია, რადგან მიმდინარე წლის თებერვლიდან, სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდის ტემპი აჩქარდა. ამასთან, ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებითაც, ინფლაციის უფრო მაღალი დონეა მოსალოდნელი“, - აღნიშნულია Gnomon Wise-ის კვლევაში.

შეგახსენებთ, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ს ზრდამ 9.2% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.3%-ით განისაზღვრა.

მერი ტაბატაძე