მილანის აეროპორტი ბერლუსკონის სახელობის გახდება

მილანის მთავარი აეროპორტი იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის სახელობის გახდება. ამის შესახებ სამხრეთ იტალიაში გამართულ კონფერენციაზე ტრანსპორტის მინისტრ მატეო სალვინიმ განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.

მინისიტრის ცნობით, სამოქალაქო ავიაციის სამმართველომ ლომბარდიის რეგიონის მოთხოვნა დააკმაყოფილა, რომ მალპენსას აეროპორტს სახელი ბერლუსკონის პატივსაცემად გადაერქვას.

„რადგან საბოლოო გადაწყვეტილება ტრანსპორტის მინისტრმა უნდა მიიღოს, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად დამთავრდება,“ - აცხადებს სალვინი, რომელიც მემარჯვენე პარტია „ლიგის“ ლიდერი და ბერლუსკონის დიდი ხნის მოკავშირეა.

ამასთან, სალვინიმ სოციალურ ქსელ X-ზე ბერლუსკონისა და მალპენსას აეროპორტის ფოტოებზე შემდეგი სახის კომენტარი დატოვა: „ჩემი მეგობრის, სილვიოს, დიდი ბიზნესმენის, მილანის დიდი მოქალაქისა და დიდი იტალიელის ხსოვნის პატივსაცემად.“

ცნობისთვის: იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი 87 წლის ასაკში, მილანის სან-რაფაელეს საავადმყოფოში გასულ წელს გარდაიცვალა, სადაც ექვს კვირაზე მეტი ხანი ქრონიკულ ლეიკემიასთან დაკავშირებულ ფილტვის ინფექციაზე მკურნალობდა. გაწერის შემდეგ ის საავადმყოფოში 9 ივნისს ხელახლა დააბრუნეს, 12 ივნისს კი გარდაიცვალა.

ბერლუსკონის ცხედარი კრემირებულ იქნა, ფერფლი კი ჩრდილოეთ ქალაქ არკორეას ვილაზე, საგვარეულო მავზოლეუმში გადაასვენეს.

ბერლუსკონი, თავის მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტია Forza Italia-სთან ერთად, იტალიის მთავრობას ოთხჯერ ხელმძღვანლობდა და თანამედროვე იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფიგურა იყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ